რას ერჩიან ლეოს? კვალი ისევ ბართომეუმდე მიდის - მესი სარჩელს ამზადებს
Aa
Aa

რას ერჩიან ლეოს? კვალი ისევ ბართომეუმდე მიდის - მესი სარჩელს ამზადებს

დღეს დილით ესპანურ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. მადრიდულმა El Mundo-მ მესისა და „ბარსელონას“ შორის გაფორმებული კონტრაქტის ასლი გაასაჯაროვა. ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის 2017 წელს გაფორმდა, მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და მის მიხედვით ჯამში არგენტინელმა „ბარსასგან“ 555 237 619 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.

მადრიდული გამოცემის ცნობით, აღნიშნული ხელშეკრულება საერთო ღირებულების თვალსაზრისით მსოფლიო სპორტის ისტორიაში რეკორდულია.

El Mundo კონტრაქტის დეტალებს ასეთი სათაურით ავრცელებს: ''კონტრაქტი, რომელიც ''ბარსელონას'' ანგრევს''.

მოსალოდნელი იყო, რომ ამ ამბავს საპასუხო რეაქცია მალევე მოჰყვებოდა და ასეც მოხდა. მადრიდულ გამოცემას უახლოეს მომავალში სამართლებრივ დავას „ბარსელონა“ და მესი ერთდროულად დაუწყებენ.

ლეოს ადვოკატებმა მუშაობა უკვე დაიწყეს, ხოლო „ბარსამ“ პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„კლუბი დამწუხრებულია იმის გამო, რომ პროფესიონალური კონტრაქტი, რომელიც „ბარსელონასა“ და მესის შორის დაიდო გასაჯაროვდა. დოკუმენტი ორივე მხარის შეთანხმებით კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო.

„ბარსელონა“ კატეგორიულად უარყოფს დოკუმენტის გამოქვეყნების პასუხისმგებლობას და საპასუხოდ, El Mundo-ს წინააღმდეგ შესაბამის სამართლებრივ მოქმედებებს დაიწყებს. კლუბი მესის სრულ მხარდაჭერას უცხადებს“.

RAC1-ის ცნობით, მესის ადვოკატები El Mundo-ს წინააღმდეგ სარჩელს უკვე ამზადებენ, პარალელურად კი იძიებენ კლუბის რომელ წევრ(ებ)ს ჰქონდა ხსენებულ დოკუმენტზე წვდომა.

Marca-მ კი უკვე გაასაჯაროვა იმ პირთა არასრული სია, რომლებსაც ლეოს კონტრაქტზე წვდობა ჰქონდათ. ესენი არიან ხოსეპ მარია ბართომეუ, კარლეს ტუსკეტსი, ოსკარ გრაუ და კიდევ ორი პირი.

RAC1-ის ცნობით, მესი სასამართლოში იჩივლებს და სარჩელის ობიექტები სწორედ ის პირები იქნებიან, რომლებსაც დოკუმენტებზე წვდობა ჰქონდათ.

ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი და ყველაზე საინტერესო ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა, რომელსაც La Senyera სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მესის კონტრაქტის დეტალები ჟურნალისტმა მარტი საბალსმა გაასაჯაროვა, რომელიც „ბარსელონას“ მხარდამჭერთა კლუბის წევრი გახლავთ. ხსენებული კლუბი სულ რაღაც 1 თვის წინ „ბარსას“ დროებითმა პრეზიდენტმა კარლეს ტუსკეტსმა გახსნა.

როგორც მოგეხსენებათ, ტუსკეტსმა პოსტის დაკავებიდან მალევე განაცხადა, რომ მესის გაყიდვა კლუბს ფინანსურად მომგებიან სიტუაციაში ჩააყენებდა. ამის შემდეგ, მას დიდი კრიტიკის გადატანა მოუხდა. საბოლოოდ მან თავის მართლება დაიწყო და აღნიშნა, რომ პრესამ მისი სიტყვები არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა.

ტუსკეტსი „ბარსას“ გადაყენებული პრეზიდენტის ბართომეუს გუნდის წევრი გახლდათ, რომელიც მესის ფეიკ ექაუნთების, ეგრეთწოდებული „ბოტების“ საშუალებით სოციალურ ქსელებში უპირისპირდებოდა, რისთვისაც ჯამში 1 მილიონი ევრო იქნა დახარჯული.

ეს ყველაფერი საბოლოოდ ბართომეუს კარიერის დანგრევითა და იმპიჩმენტით დასრულდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ კარლეს ტუსკეტსმა უფლებამოსილებას გადააჭარბა, რადგან მისი მინიჭებიდან 3 თვის ვადაში მას არჩევნები უნდა დაენიშნა. ის კი ასე არ მოიქცა და საპრეზიდენტო არჩევნები 7 მარტისთვის გადაიტანა, რომელიც 24 იანვარს იყო ჩანიშნული.

ტუსკეტსმა კანონებს გვერდი ეფექტურად აუარა და საბოლოოდ არაფერი დაურღვევია, თუმცა კლუბის წევრები მას გაუნაწყენდნენ და დაუპირისპირდნენ კიდეც, რადგან მათი აზრით ტუსკეტსი აშკარად თვითნებურად მოქმედებს.

ბორდის წევრებმა მას ურჩიეს, რომ თავი შეეკავებინა და მხოლოდ მინიჭებული უფლებების ფარგლებში ემოქმედა, მაგრამ ტუსკეტსი ასე არ მოიქცა.

ბევრი დეტალი და არგუმენტი ამტკიცებს, რომ ბართომეუ და მისი გუნდის უდიდესი ნაწილი მესის კლუბიდან მოშორებას ცდილობდა და დღემდე ცდილობს, თუმცა ისინი ამას ყველაზე უარესი ფორმით აკეთებენ და კლუბს აშკარა ზიანს აყენებენ.

შეგახსენებთ, რომ მესიმ არჩევნებამდე მოცდა გადაწყვიტა და ახალი პრეზიდენტის ახალი გეგმის ნახვა მოისურვა. ესპანური პრესის ცნობით, თუ ლაპორტა არჩევნებს მოიგებს, რისი შანსიც საკმაოდ დიდია, არგენტინელი „ბარსელონაში“ დარჩენას გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები