„ყველაფერი აქვს რასაც NBA-ის გუნდები ეძებენ
Aa
Aa

„ყველაფერი აქვს რასაც NBA-ის გუნდები ეძებენ" - ლეგენდარული პატრიკ იუინგი მამუს აქებს

ლეგენდარულმა კალათბურთელმა, პატრიკ იუინგმა, რომელიც ამჟამად „ჯორჯთაუნის“ უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელია, სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ისაუბრა. „მამუს" „სეტონ ჰოლი“ მომდევნო შეხვედრას სწორედ „ჯორჯთაუნის“ წინააღმდეგ გამართავს და 24 დეკემბერს ჩანიშნულ მატჩამდე იუინგს „მეკობრეების“ ქართველი მძიმე ფორვარდის შესახებ ჰკითხეს.

„აქვს თუ არა მამუკელაშვილს NBA-ში მოხვედრის პოტენციალი? რა თქმა უნდა! სავარაუდოდ, ის NBA-ის კალათბურთელი გახდება. მამუს სროლა შეუძლია, ბურთს კარგად ატარებს და მაღალი და ათლეტურია. ეს კი ყველაფერია, რასაც NBA-ის გუნდები ეძებენ. 

მამუკელაშვილი ძალიან ნიჭიერი ბიჭია. მას სროლა და ბურთის ტარება ეხერხება და პარკეტზე ბევრი სხვადასხვა რამის გაკეთება შეუძლია. ის სეტონ ჰოლის ლიდერი და ალბათ, მათი საუკეთესო კალათბურთელია. გამომდინარე აქედან, მისი მეურვეობისას დიდი სამუშაო უნდა გავწიოთ, ან ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ. შემდეგ კი აქცენტი სხვებზე გავაკეთოთ“.

შეგახსენებთ, რომ პატრიკ იუინგი ყველა ვარსკვლავის მატჩის 11-გზის მონაწილე და NBA-ის დიდების დარბაზის წევრია. 1986 წელს იგი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლის საუკეთესო ახალწვეული გახდა და კარიერის დიდი ნაწილი „ნიუ იორკ ნიქსში“ გაატარა. გუნდში, რომელსაც მისი 33-ნომრიანი მაისური ხმარებიდან აქვს ამოღებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები