ოცნება ბარსაზე, აზარის ტექნიკა, მბაპეს უნარი - ინტერვიუ ჟორჟ მიქაუტაძესთან
Aa
Aa

ოცნება ბარსაზე, აზარის ტექნიკა, მბაპეს უნარი - ინტერვიუ ჟორჟ მიქაუტაძესთან

ბელგიური „სერენის“ 20 წლის ფორვარდმა ჟორჟ მიქაუტაძემ ქართველი გულშემატკივრების ყურადღება უკვე დიდი ხანია მიიპყრო.

მიქაუტაძე 13 მატჩში გატანილი 16 გოლით პროქსიმუს ლიგის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. მან ბოლო ბურთი „ბრიუგეს“ 23-წლამდელთა გუნდის კარში გაიტანა.

როგორც მოგეხსენებათ, „ლიონის“ სკოლის აღზრდილი ჟორჟი ლიგა 1-ის ბინადარი „მეცის“ ფეხბურთელია და იჯარის წესით „სერენში“ ასპარეზობს.

მიქაუტაძეს ბელგიური RTBF-ი ესაუბრა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რაც ბუნებრივია ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო იქნება:

„წინასწარ არაფერს ვგეგმავ. მიზნად არასდროს დამისახავს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მაგალითად, რომელიმე კლუბში ვითამაშო. „მეცის“ ხელმძღვანელობასთან ჯერჯერობით შეთანხმება არ მიგვიღწევია, ამ ყველაფერს ჩემ აგენტს ვუტოვებ, ჩემი საქმე კი ფეხბურთის თამაშია.

„სერენში“ ყოფნით ბედნიერი ვარ. აქაურმა დონემ გამაკვირვა. თუ, ელიტაში აღზევებას შევძლებთ, ეს კლუბისთვის ბრწყინვალე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ აქ აღარ ვიქნები, თუ გუნდი პრო ლიგაში გადავა, ძალიან გამიხარდება. ჩავთვლი, რომ ჩემი საქმე კარგად შევასრულე“.

ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული და ოცნების გუნდი ბარსა

„ფეხბურთზე შეყვარებული ვარ, მისით ვცხოვრობ. სახლში ყოფნისას სხვა გუნდების თამაშებსაც ვუყურებ. ვიდეოთამაშებშიც ფეხბურთს ვანიჭებ უპირტესობას. FIFA 20-ში „ბარსელონასა“ და „მეცს“ ვირჩევ ხოლმე.

ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის შრომა და თავგანწირვაა საჭირო, შედეგად შენ ვარსკვლავების გვერდით გადაჭედილი ტრიბუნების წინაშე თამაშობ. ხანდახან მეც ვოცნებობ ხოლმე, თუმცა როგორც ვთქვი ყოველდღიურობით ვცხოვრობ და ვნახოთ შემდეგ რა იქნება.

უნდა დავამტკიცო, რომ მეტი შემიძლია და უფრო მეტი ვაჩვენო, რაც აქამდე მქონდა“.

როგორი ფეხბურთელი უნდა, რომ იყოს

„მოდი ასე ვთქვათ, მინდა ედენ აზარის ტექნიკა და კილიან მბაპეს საშემსრულებლო ოსტატობა მქონდეს“.

ბოლოს გეტყვით, რომ ჟორჟ მიქაუტაძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ მისი საყვარელი ზედმეტსახელი Georginho არის.

P.S. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჟორჟ მიქაუტაძესთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ 20 წლის ფეხბურთელმა არჩევანი საქართველოს ნაკრებზე შეაჩეროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები