Aa
Aa

"რთული პერიოდი აუცილებლად უნდა დაძლიოს" - მატუიდიმ გრიზმანზე ისაუბრა

საფრანგეთის ნაკრების და "ინტერ მაიამის" ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ თანამემამულე გრიზმანზე ისაუბრა და მისი კატალონიური კარიერა შეაფასა. მატუიდის აზრით ანტუანს ახლა რთული პერიოდი აქვს, მაგრამ სამომავლოდ ყველაფერი გაუმჯობესდება.

"გრიზმანი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მსოფლიოს უდიდეს კლუბში თამაშობს. მას ახლა რთული პერიოდი აქვს და ეს აუცილებლად უნდა დაძლიოს. ანტუანს "ბლაუგრანაში" საუკეთესო წლები წინ აქვს. არ ვიცი, მაგრამ სამომავლოდ თუ ის "ინტერ მაიამიში" მოისურვებს თამაშს, მე ამ ამბავს სიხარულით მივესალმები.

მე მას ველაპარაკე და ვიცი, რომ ამჟამინდელი სიტუაციით უკმაყოფილოა, მაგრამ არ ვაპირებ სხვა გუნდებზე საუბარს. გრიზმანი ახლა იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც მას სურს" - განაცხადა მატუიდიმ

ანტუან გრიზმანი "ბარსელონას" 2019 წელს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და შეიძლება ითქვას, რომ გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს. ამის თავდაპირველ მიზეზად მისთვის არასასურველ პოზიციაზე თამაში სახელდებოდა. რონალდ კუმანმა ფრანგს ტაქტიკაში სხვა ადგილი მოუძებნა და წესით გრიზმანი უკეთესად უნდა ათამაშდეს.

ახალ სქემაში 29 წლის შემტევი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გვევლინება. მატჩის მიმდინარეობისას ვხედავთ, რომ ის ცენტრისკენ ხშირად იწევს და ამ გადაწყვეტილებით გარკვეულ ზონებს ათავისუფლებს. აღსანიშნავია, რომ ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს მადრიდის "ატლეტიკოში" სრული თავისუფლება ჰქონდა, მაგრამ "ბარსელონაში" იგივე არ ხდება.

გრიზმანმა ბარსას მაისური 51-ჯერ მოირგო და ჯერჯერობით მხოლოდ 15 გოლი გაიტანა. მისი გატანილი გოლების პროცენტული მაჩვენებელი 0.29 გახლავთ. "როხიბლანკოში" კი 0.52% იყო. გამოდის, რომ ანტუანი სიმეონეს გუნდში ყოველ მეორე თამაშში იტანდა, "ბარსელონაში კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები