Aa
Aa

"ნუ მემუქრები, რომ პრეზიდენტს დაურეკავ" - სუბისარეტა მესი-მარტინოს ინციდენტს იხსენებს

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა და სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ "ელ პაისთან" საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. 58 წლის ესპანელმა "ბარსაში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ლიონელ მესი გააკრიტიკა.

"არსებობენ მოთამაშეები, რომლებისთვისაც მხოლოდ დიდი ფეხბურთელობა საკმარისი არ არის და ბევრად მეტს წარმოადგენენ. მესი ზუსტად ასეთია. მისი თამაში უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელის ინსპირაციის წყაროა. სამწუხაროდ, ლიონელს ცუდი მხარეებიც აქვს.

დიდ ფეხბურთელობასთან ერთად, კარგი თანაგუნდელიც უნდა იყო, მაგრამ ის ხანდახან ღიზიანდება და აბსოლუტურად არავის ელაპარაკება. მისი ყველაზე დიდი პრობლემა, საკუთარ თავთან შეჯიბრია. მინდა, გავიხსენო ერთი ინციდენტი. იმ დროს, როდესაც "ბარსელონას" ტატა მარტინო წვრთნიდა, სრულიად შემთხვევით უსიამოვნო საუბარს შევესწარი.

მარტინომ მესის უთხრა: "კარგად ვიცი, თუ შენ პრეზიდენტს დაურეკავ და ეტყვი, რომ ჩემი გაგდება გინდა, ის დაუფიქრებლად მომისვრის. ყოველდღე ამის შეხსენება საჭირო არ არის." ვფიქრობ, მსგავსი დიალოგი ფეხბურთელს და მწვრთნელს არ უნდა ჰქონდეთ. ლეო ხანდახან თავის უფლებამოსილებას აჭარბებს", - განაცხადა სუბისარეტამ.

შეგახსენებთ, რომ ტატა მარტინო კატალონიურ გრანდს 2013-2014 წლების სეზონში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით "ბარსელონამ" ვერცერთი ტიტული მოიგო.

რაც შეეხება სუბისარეტას, ლეგენდარული გოლკიპერი "ბლაუგრანას" კარს 8 სეზონის განმავლობაში, 1986-დან 1994 წლამდე იცავდა. მის ანგარიშზე 410 ჩატარებული მატჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები