ყიფიანი: ''სიმბოლურია თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა სიცოცხლისთვის და გამარჯვებისთვის''
Aa
Aa

ყიფიანი: ''სიმბოლურია თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა სიცოცხლისთვის და გამარჯვებისთვის''

თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. „რკინიგზელები“ მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და 2-1 იმარჯვეს. გამარჯვების გოლი მამია გავაშელიშვილის ანგარიშზეა, რომელსაც 2018 წელს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. საბედნიეროდ, ფეხბურთელი მძიმე სენისგან განიკურნა, მოედანზე დაბრუნდა და მოსკოვის ''დინამოს'' ძლევაში დიდი როლი შეასრულა.

მამია გავაშელიშვილთან დაკავშირებით ''ლოკომოტივის'' ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

''2019 წლის იანვარი, საგურამოს ბაზა

ოფისში მივედი. ვიცი რომ ''გავაშას'' რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ აქამდეც ჰქონია რაღაც მიკროტრავმები და ვფიქრობ რომ ისეთი არაფერია...

ველოდები გიორგი ჩანგელიას, (ჩვენი გუნდის მთავარ ექიმს) რომ მოვიდეს და გვითხრას რა ხდება.

კარი იღება, შემოდის ''ჩანგელა'':

- ''ყიფო,'' არ მაქვს კარგი ამბავი... ''გავაშას'' ძალიან ცუდი ანალიზი აქვს. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ.

- რა ჭირს ''ჩანგელ?'' (ვეკითხები გაფითრებული...)

- ავთვისებიანი სიმსივნე, ახლა მივიღეთ პასუხი კლინიკიდან...

ყურებში რაღაც წუილი ჩამერთო და კაი ხანი არ გავიდა. მეც და მთელი სტაფი ჩუმად ვიდექით.

დაინიშნა უმძიმესი და გრძელვადიანი მკურნალობა, ერთი ქვეყნიდან მეორეში სიარული და მოკლედ ათასი წვალება... აი ისეთი რამ, რომ ვერ უძლებენ!

აი ამ ფოტოზე, 2020 წლის 17 სექტემბერია, გავაშა მოსკოვის ''დინამოს'' კარში თავის მეორე გატანილ გოლს ზეიმობს და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეაქვს.

მარტივად და მოკლედ რომ ვთქვა, ეს შემთხვევა ჩემთვის არის სიმბოლო თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა სიცოცხლითვის და გამარჯვებისთვის...

დიდი მადლობა პირველ რიგში ჩემს გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენთან ერთად გაუხარდა ეს ყველაფერი''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები