ჭიაბრიშვილი: ''ფული ბევრს ნიშნავს, მაგრამ ფეხბურთს ფულის ტომრები არ თამაშობენ''
Aa
Aa

ჭიაბრიშვილი: ''ფული ბევრს ნიშნავს, მაგრამ ფეხბურთს ფულის ტომრები არ თამაშობენ''

თბილისის ''ლოკომოტივის'' მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' საინტერესო თემებზე ისაუბრა. მან გასული წელი გაიხსენა, როცა ''საბურთალოში'' მუშაობდა და ასევე მიმდინარე ევროსეზონი მიმოიხილა.

''ამ გამარჯვებით პასუხი გავეცი საზოგადოების იმ მცირე ნაწილს, რომელმაც გასულ წელს, როცა ''საბურთალოში'' ვმუშაობდი, ''არარატ-არმენიასთან'' მარცხი ძალიან ცუდად მიიღო. საბედნიეროდ, ბევრ ადამიანს ანალიზის უნარი აქვს. ''არარატ-არმენიაში'' მხოლოდ 2 სომეხი ფეხბურთელი თამაშობდა. ლეგიონერებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს. პლუს ამას, როგორ შევხვდით ამ მატჩს? ვაგნერის და შინდაგორიძის გარეშე. დიდი შეტევითი პოტენციალი მოგვაკლდა. არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, თუმცა მათ ცუდად იმსაჯეს.

თანამედროვე ფეხბურთში ფული ბევრს ნიშნავს, თუმცა არ დავივიწყებ იოჰან კრუიფის, ლეგენდარული ადამიანის სიტყვებს, რომ ფეხბურთს ფულის ტომრები არ თამაშობენ.

''უნივერსიტატეა'' და მოსკოვის ''დინამო'' ისტორიით, ტრადიციითა და ოსტატობით ჩვენზე მაღლა იდგნენ, თუმცა ჩვენს თავს ''გადავახტით'', გამარჯვების მეტი ჟინი გვქონდა.

მოკლე პერიოდში, რაც მოვახერხე გუნდს ერთსულოვნება შევძინე, თუმცა ჯერ შორს ვართ იმ ფეხბურთისგან, რაც მე მსურს''.

ჭიაბრიშვილმა ბათუმის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის შესახებ ისაუბრა: ''მას დიდი ხანია ვიცნობ. თუკი რაიმე საფეხბურთო განათლება მივიღე, გია გეგუჩაძემ მომცა. წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და ხაზგასმით ვიტყვი, რომ მასზე კარგი საფეხბურთო სპეციალისტი საქართველოს არ ჰყავს. ბათუმის ''დინამოს'' ვუსურვებ, რომ გია გეგუჩაძე შეინარჩუნონ, რადგან გრძელვადიან ჭრილში თუ ვინმეს შეუძლია წარმატების მიღწევა, ეს სწორედ გეგუჩაძეა''.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური გუნდის მეტოქე ესპანური ლა ლიგის წარმომადგენელი ''გრანადაა''. შეხვედრა ესპანეთში 24 სექტემბერს გაიმართება.

ევროპა ლიგის ფლიო-ოფის წილისყრის შემდეგ ცნობილია, რომ ესპანური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ჭიაბრიშვილის გუნდი შვედურ ''მალმიოსა'' და ხორვატულ ზაგრების ''ლოკომოტივას'' წყვილში მოგებულს სტუმრად დაუპირისპირდება.

ფოტო: თბილისის ''ლოკომოტივის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები