''საქმე ფულს არ ეხებოდა, რუსეთში დაბრუნება ძალიან მსურდა'' - ანანიძე როტორს დაემშვიდობა
Aa
Aa

''საქმე ფულს არ ეხებოდა, რუსეთში დაბრუნება ძალიან მსურდა'' - ანანიძე როტორს დაემშვიდობა

ვოლგოგრადის ‘‘როტორი’’ ჯანო ანანიძემ ოფიციალურად დატოვა. 27 წლის ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში მოედანზე დაბრუნებას ვერ შეძლებს, კლუბს ვერ დაეხმარება და ამიტომ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მოსკოვის ‘‘სპარტაკის’’ ექს-ნახევარმცველმა ასევე აღნიშნა, რომ მას მუხლი კვლავ აწუხებს და შესაძლოა ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს.

''კვიპროსიდან საქართველოში დაბრუნებისას მუხლი მაწუხებდა. კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინი გამოცხადდა და რეაბილიტაციის სრულად გავლის საშუალება არ მქონდა. თბილისში ვიმყოფებოდი და სრული დატვირთვით ვარჯიშის საშუალება არ მომეცა.

წინადადებები მივიღე კვიპროსული და ქართული კლუბების მხრიდან, თუმცა კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა.

ძალიან მინდოდა სასურველ ფორმაში შესვლა, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მეთამაშა, თუმცა ვერც ''როტორს'' დავეხმარები, რაც ძალიან სამწუხაროა.

''ანორთოსისიდან'' წამოსვლის შემდეგ ჩემი აგენტი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ''როტორი'' კონტრაქტის გაფორმებას მთავაზობდა. კლუბს ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და თუ ფორმაში შესვლას ვერ შევძლებდი, კონტრაქტი გაწყდებოდა. საქმე ფულს არ ეხებოდა. რუსეთის ჩემპიონატს კარგად ვიცნობ, ფეხბურთელად აქ ჩამოვყალიბდი და დაბრუნების დიდი სურვილი მქონდა.

ახლახანს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ თამაშისთვის მზად არ ვარ, ტრავმა კვლავ მაწუხებს და უახლოეს პერიოდში მოედანზე ვერ დავბრუნდები. შესაძლოა, ოპერაციის გაკეთება დამჭირდეს.

კლუბის მადლიერი ვარ. დიდი მადლობა ქომაგებს, კლუბის ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს. ასეთი დიდი მხარდაჭერა, როგორიც ''როტორისგან'' ვიგრძენი, ქვეყნის 4 ან 5 გუნდს ახასიათებს''.

გასული სეზონის მეორე ნახევარში ანანიძე თემურ ქეცბაიას ‘‘ანორთოსისს’’ შეუერთდა, ზაფხულში კი ‘‘როტორის’’ ფეხბურთელი გახდა, თუმცა ვოლგოგრადული კლუბი ისე დატოვა ერთ შეხვედრაშიც არ მიუღია მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის ‘‘სპარტაკში გაატარა, რომელსაც 2019 წლის მიწურულს დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები