Aa
Aa

დასანანი ფრე - საქართველოს ნაკრებმა კაცნაკლული ჩრდილოეთ მაკედონია ვერ დაამარცხა

ერთა ლიგის C ჯგუფის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და ერთ ქულას დასჯერდა - 1-1.

მატჩი ვლადიმირ ვაისის გუნდის უპირატესობით დაიწყო და ჩვენებმა პირველი მომენტი მე-11 წუთზე შექმნეს, მაგრამ ქვილითაიამ მცველებს ვერ დაასწრო... ხელიდან გაშვებული შანსის მიუხედავად, ქართველებმა ანგარიში მალევე გახსნეს. მე-12 წუთზე ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შესანიშნავი სოლორეიდი განახორციელა, ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელებმა საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი თორნიკე ოქრიაშვილმა შეაგდო და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონია გააქტიურდა და 33-ე წუთზე ნიკა მალის შეცდომით გორან პანდევმა ისარგებლა, რომელმაც რიშტოვსკის ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმა ლორიას კარი აიღო.  

პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა, მეორე ნახევარი კი ორმხრივ შეტევებში დაიწყო. 59-ე წუთზე ელმასის ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ხოჭოლავამ კარგად ითამაშა და საქართველოს ნაკრები გაშვებულ გოლს გადაარჩინა. 5 წუთში კი მუსლიუმ კანკავას წინააღმდეგ იუხეშა და მსაჯმა იგი მოედნიდან გააძევა.

რიცხობრივ უპირატესობაში დარჩენილმა საქართველომ 71-ე წუთზე საკმაოდ სახიფათო მომენტი შექმნა. ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ბურთი კარისკენ დავითაშვილმა გაუშვა, მაგრამ მცველებმა დარტყმა საკუთარ თავზე მიიღეს, რის შემდეგაც ჯაბა კანკავა ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა.

76-ე წუთზე გოლის გატანის შანსი მოედანზე ახლად შესულ ლევან შენგელიას მიეცა. „ქონიასპორის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს დაუხვდა და თავით კარისკენ გაგზავნა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს მეტოქის კარის აღება კიდევ ერთხელ შეეძლო, მაგრამ იმავე შენგელიას მატჩის გმირობამდე ძალიან ცოტა დააკლდა. ლევანის დარტყმა მეკარემ მოიგერია...

ჩრდილოეთ მაკედონიასთან აღებული ქულის შემდეგ, საქართველოს 4 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილს სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიასთან იყოფს. ვაისის გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონში მომდევნო შეხვედრას სომხეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

8 ოქტომბერს კი ვაისის შეგირდები ბელარუსის ნაკრებთან პლაი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამართავენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები