Aa Aa
7 აგვისტო 2020  |  21:53

უმძიმესი ავარია - იაკობსენი კომიდან გამოვიდა

ნიდერლანდელი ველომრბოლელი, ფაბიო იაკობსენი, რომელიც პოლონეთის ტურის პირველ ეტაპზე საშინელი ავარიაში მოყვა, კომიდან გამოვიდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ეს ინფორმაცია რბოლის ორგანიზატორებმა გაავრცელეს და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს.

„სოსნოვიეცის საავადმყოფოდან კარგი ამბავი გვაქვს. ფაბიო იაკობსენი კომიდან გამოვიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორების გარდა, იაკობსენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განცხადება იმ კლინიკის წარმომადგენელმაც გააკეთა, რომელშიც ნიდერლანდელი სპორტსმენია მოთავსებული.

„პაციენტი საღ გონებაზეა, ექიმების მითითებებს ასრულებს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე აღარაა შეერთებული და დამოუკიდებლად სუნთქავს. ჩემი აზრით, ის თუ ასეთ მძიმე ავარიას გადაურჩა, სპორტში დაბრუნებასაც შეძლებს“.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი იაკობსენსა გროენევეგენს შორის მოხდა, რის შემდეგაც ნიდერლანდელი ბარიერს შეეჯახა. 23 წლის ველომრბოლელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სახეზე ოპერაცია ჩაუტარეს. გროენევეგენმა კი დისკვალიფიკაცია მიიღო. იაკობსენი მდგომარეობა რთული იყო და იგი კომაში იმყოფებოდა, თუმცა ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში