Aa
Aa

მალიორკას დღე - კუნძულელებმა ლა ლიგაში 5 გოლი 12 წლის შემდეგ გაიტანეს

ლა ლიგის 33-ე ტურის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მატჩი ბალეარის კუნძულებზე, „მალიორკასა“ და „სელტას“ შორის ჩატარდა და უცნაური ანგარიშით დასრულდა. მალიორკელებმა „სელტას“, რომელმაც წინა ტურში ქულები „ბარსელონას“ აართვა, 5:1 მოუგეს და მასთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს.

„მალიორკამ“ 2007-08 წლების სეზონის შემდეგ ლა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლი პირველად შეაგდო. კუნძულელებმა ხსენებულ სეზონში უელვას „რეკრეატივო“ 7:1 გაანადგურეს, რაც მათთვის უმაღლეს დივიზიონში საერთოდ სარეკორდო მოგებაა.

ხსენებული მატჩის ერთ-ერთი გარდამტეხი ეპიზოდი მე-7 წუთზე დადგა, როცა დანი როდრიგესი მეტოქის საჯარიმო მოედანზე თეატრალურად დაეცა, თუმცა 6-წუთიანი განხილვის შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა და ანგარიშიც გაიხსნა.

ავტორიტეტულმა მადრიდულმა გამოცემა Marca-მ როდრიგესის წაქცევას აშკარა სიმულაცია უწოდა და არბიტრი რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა გააკრიტიკა. სავარაუდოდ, ამ მსაჯს ლა ლიგისგანაც მკაცრი საყვედურის ან რაიმე დამსჯელობითი ღონისძიების მიღება მოუწევს.

„მალიორკა“ ჯერაც გასავარდნ ზონაშია და მე-17 ადგილზე მყოფ იმავე „სელტას“ 5 ქულით ჩამორჩება. კუნძულელები შემდეგ ტურში სტუმრად „ატლეტიკოს“ შეხვდებიან, ხოლო ვიგოელთა მეტოქე სევილიური „ბეტისი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები