ყიფიანის გუნდის ულამაზესი თამაში  - თბილისის დინამო 9:0 პამირი
Aa
Aa

ყიფიანის გუნდის ულამაზესი თამაში - თბილისის დინამო 9:0 პამირი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნების კლუბებს შორის ყოველ ზამთარში ტურნირი იმართებოდა, რომელშიც მეტწილად მონაწილეობას ქვეყნის ჩემპიონები იღებდნენ. 1996 წელს თანამეგობრობის თასზე თბილისის ''დინამო'' მეოთხედფინალში მინსკის ''დინამოსთან'' დამარცხდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონმა ერთი ძალიან შთამბეჭდავი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

1996 წლის 26 იანვარს დავით ყიფიანის გუნდმა ტაჯიკეთის ჩემპიონი დუშანბეს ''პამირი'' 9:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ ჰეთ-თრიკის ავტორმა კახი გოგიჩაიშვილმა აღნიშნა: ''ოდითგანვე ქართული კლუბები ლამაზ, სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობდით და არც ჩვენი გუნდია გამონაკლისი.''

გოგიჩაიშვილის ჰეთ-თრიქის გარდა გოლები ლევან ხომერიკმა, ლევან კობიაშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა, დავით მუჯირმა გაიტანეს. ყველაზე ეფექტური პირველი გოლი გამოვიდა, როცა გიორგი ანჩაბაძემ ბურთი აკენწლა და მეკარეს თავზე გადაუგდო. გარდა ამისა ''პამირის'' ფეხბურთელმა შაიმოვმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ყიფიანის გუნდმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო და შედეგთან ერთად ქართველმა ფეხბურთელებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს.

რაც შეეხება ტურნირის დარჩენილ მატჩებს, თბილისის ''დინამო'' ვილნიუსის ''ჟალგირისთან'' 1:3 დამარცხდა, ხოლო აზერბაიჯანული ''განჯა'' 3:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში ყიფიანის გუნდი მინსკის ''დინამოსთან'' 1:2 დამარცხდა.

თანამეგობრობის თასი თბილისის ''დინამომ'' მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს მოიგო, ივო შუშაკის გუნდმა ფინალში რიგის ''სკონტო'' 3:1 დაამარცხა. გოლები დარასელიამ, ალექსიძემ და კვირკველიამ გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები