სულაქველიძე ერთა ლიგაზე: ''მჯერა, 1981 წლის სიხარული განმეორდება''
Aa
Aa

სულაქველიძე ერთა ლიგაზე: ''მჯერა, 1981 წლის სიხარული განმეორდება''

თბილისის ''დინამოს'' ლეგენდარულმა ფეხბურთელმა თენგიზ სულაქველიძემ ტელეკომპანია ''არგოს'' ეთერში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2021-ზე მოხვედრის შანსზე ისაუბრა. მისი თქმით ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს და 1981 წლის სიხარული განმეორდება.

''მნიშვნელოვანია როდის ჩატარდება ბელარუსთან მატჩი. ფეხბურთის ფედერაცია ეროვნულ ნაკრებს ყველანაირ პირობას უქმნის. მახსოვს იყო წლები, როცა ეროვნული ნაკრები ჩემს აკადემიაში ვარჯიშობდა. მუჯირი, კობიაშვილი, იაშვილი, კალაძე და მათი თაობის ფეხბურთელები ჩემი აკადემიის მინდორზე ემზადებოდნენ. დღეს სხვა ვითარებაა, მე პირდაპირი საუბარი მიყვარს და რასაც ვხედავ, იმას ვამბობ.

მჯერა საქართველოს ნაკრები დიდ სიხარულს მოგვიტანს და მჯერა ეს მატჩები ოქროს ასოებით შევა ისტორიაში, როგორც 1981 წლის 13 მაისი.

გარდა იმისა, რომ ნაკრებში კონკურენციააა, კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად უნდა იყოს. მთავარია, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები სანაკრებო მატჩებს როგორ ფორმაში შეხვდებიან.

ბელარუსის ჩემპიონატი გრძელდება და მათი ნაკრების ფეხბურთელები ფორმაში არიან. ამიტომ ჩვენ რამდენიმე თვე გვჭირდება, რომ ქართველი ფეხბურთელები ფორმაში შევიდნენ.

ბელარუსთან მატჩში სტადიონი გაივსება, ფეხბურთელებისთვის სავსე სტადიონი დიდი ბედნიერება და დიდი დახმარება იქნება. უფრო დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?''

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი ''დინამო არენაზე'' 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შემოდგომამდე გადაიდო. ამ ეტაპზე შეხვედრის გამართვის ზუსტი თარიღი უცნობია.

მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები