ვლადიმირ ვაისი: "გულშემატკივართან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ"
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი არაა, რაც ნიშნავს, რომ დიდი ბრძოლა იქნება. ჩვენთვის კი, პირველი მატჩის კარგად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია".
"დაცვასა შეტევას შორის ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ და ორივე ასპექტს დიდი ყურადღება დავუთმოთ. მართალია, მეტოქე ძლიერია, თუმცა დაცვაზე აშკარა აქცენტი, ვფიქრობ, არასწორი იქნება".
"ოქრიაშვილი ჩვენთვის ფასეული ფეხბურთელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ის, სამწუხაროდ, "მარსელში" ვერ გადავიდა, თუმცა გუნდს 2 დღის წინ შემოუერთდა და იმედია, ხვალ დაგვეხმარება".
"რაც შეეხება გიორგი პაპუნაშვილს, მისით კმაყოფილი დავრჩი და სამომავლოდ შანსი აუცილებლად მიეცემა. ამ ეტაპზე მის პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი გვყავს და პაპუნაშვილის 21 წლამდე ნაკრებში გაშვება გადავწყვიტე. ხოლო გიორგი აბურჯანია ტრავმირებულია და შეკრების დატოვება მოუწია".
"ასევე იცით, რომ ვერ გვეხმარებიან მჭედლიძე და კანკავა, რაც სერიოზული დანაკლისია, თუმცა მათ ჩასანაცვლებლად, საკმარისი რესურსი გვაქვს".
"ვფიქრობ, ავსტრიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არ გაუმართლა. მართალია, ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია, პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია - გულშემატკივრებთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ"!
"ქართულ ფეხბურთში ახლა დიდი ცვლილებებია, მათ შორის ეროვნულ ნაკრებშიც. იმედია, ხვალინდელი მატჩი, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება". - განაცხადა ვაისმა.
სლოვაკ მწვრთნელთან ერთად, პრესკონფერენციაზე ესპანური "ხიმნასტიკის" განაპირა მცველი, ოთარ კაკაბაძე იმყოფებოდა, რომელმაც გულშემატკივარს სტადიონზე მისვლისაკენ მოუწოდა.
"გუნდში მშვენიერი განწყობაა და წარმატების იმედი გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი, გულშემატკივრების მხარდაჭერა, ეს ჩვენთვის დიდი სტიმული და მოტივატორია". - ლაკონურად დაასრულა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრიის უპირველესი გუნდების დაპირისპირება, დღეს "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.
თამაშზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10, 15, 25 და 35 ლარია.