„მაიკმა 6 კვირა რომ ივარჯიშოს, უაილდერს ერთ წუთში დაანოკაუტებს“ - ტაისონის ყოფილი მწვრთნელი
Aa
Aa

„მაიკმა 6 კვირა რომ ივარჯიშოს, უაილდერს ერთ წუთში დაანოკაუტებს“ - ტაისონის ყოფილი მწვრთნელი

მაიკ ტაისონის ყოფილმა მწვრთნელმა, ჯეფ ფენეკმა Sportingnews-თან საუბრისას ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 53 წლის „რკინის მაიკი“ დეონტეი უაილდერს იოლად დაამარცხებდა და პრობლემები არც თანამედროვეობის სხვა მძიმეწონოსან მოკრივეებთან შეექმნებოდა.

„კრივი ძალიან შეიცვალა. გარანტიას გაძლევთ, რომ მაიკმა 6 კვირა რომ ივარჯიშოს, უაილდერს ერთ წუთში დაანოკაუტებს. თუ ამ ბიჭს ნოკაუტში ტაისონ ფიური აგდებს, რომელიც შესანიშნავი მოკრივეა, მაგრამ ძლიერი დარტყმით არ გამოირჩევა, მაშინ მაიკი მას მოკლავს.

თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივეები ძველებს ძალიან ბევრით ჩამორჩებიან. ჩემი აზრით, მაიკმა რომ ივარჯიშოს, ყველა მათგანის დამარცხებას მოახერხებს. ფიურიმ იცის კრივი რა არის და როგორ უნდა იჩხუბოს. უაილდერს კი, მხოლოდ დარტყმა აქვს. თუ დეონტეის ძლიერად დაარტყამ, ბრძოლა დასრულებულია. მაიკი კი, ყოველთვის მიზანში ახვედრებდა.

ყველა, ვისაც ჭკუა აქვს და 80-იანი და 90-იანი წლების კრივის შესახებ რამე იცის, ხვდება, რომ ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო. თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივეები დიდ ფულს შოულობენ და უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ, მაგრამ გამარჯვებას მოწყურებულებნი არ არიან. ისინი რობერტო დურანს, შუგარ რეი ლეონარდს, ტომი ჰირნსს და ჩავესს ვერ გაუმკლავდებოდნენ. ეს ბიჭები ნამდვილი მეომრები იყვნენ! როი ჯონსს ნებისმიერ ეპოქაში შეეძლო ჩხუბი. ჩავესს ნებისმიერ ეპოქაში შეეძლო ჩხუბი. დურანს ნებისმიერი ეპოქაში შეეძლო ჩხუბი, მაგრამ თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივეებზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით“.

შეგახსენებთ, რომ ფენეკმა ცოტა ხნის წინ, ტაისონის მიერ სახეზე გაკეთებული ტატუსა და იმ დღის შესახებაც ისაუბრა, როცა „რკინის მაიკმა“ ის ვეფხვთან ერთად, გალიაში ჩაკეტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები