მაიკ ტაისონი
Aa Aa

TOP | მაიკ ტაისონის ყველაზე სწრაფი ნოკაუტები

20 ივლისს, ლეგენდარულ მაიკ ტაისონს რინგზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ. ისტორიაში ალბათ ყველაზე ბრუტალური მოკრივე, რომელიც 57 წლისაა, ჯეიკ პოლს დაუპირისპირდება - იუთუბერს, რომელმაც მოკრივის კარიერა დაიწყო და როგორც თავად აცხადებს, გამარჯვებაში დარწმუნებულია. პოლისა და ტაისონის ჩხუბამდე კიდევ დიდი დროა, მანამდე კი გავიხსენოთ „რკინის მაიკის“ კარიერა და მისი ყველაზე სწრაფი ნოკაუტები.

მაიკ ტაისონი VS ტრენტ სინგლტონი

მაიკ ტაისონმა პროფესიონალურ დონეზე პირველი ბრძოლა ჰექტორ მერსედესის წინააღმდეგ გამართა და ჩხუბი წუთსა და 47 წამში დაასრულა. „რკინის მაიკს“ გაცილებით ნაკლები დასჭირდა, რათა მეორე გამარჯვება მოეპოვებინა. 18 წლის ტაისონმა ტრენტ სინგლეტონი ზუსტად 52 წამში დააფინიშა.

მაიკ ტაისონი VS კლიფორდ ეტიენი

მაიკ ტაისონი კლიფორდ ეტიენს კარიერის დასკვნით ეტაპზე ეჩხუბა და ბოლო გამარჯვება სწორედ მასთან მოიპოვა. ეტიენმა ჩხუბი შემტევ სტილში დაიწყო და მტკივნეული კომბინაციების განხორციელება სცადა, მაგრამ სულ რაღაც 49 წამი აღმოჩნდა საჭირო, რათა ყბაში უძლიერესი მარჯვენა მიეღო და ბრძოლა დასრულებულიყო.

მაიკ ტაისონი VS მაიკლ ჯონსონი

მაიკ ტაისონის მერვე მსხვერპლი მაიკლ ჯონსონი იყო. ბრძოლის დაწყებისთანავე აშკარა გახლდათ, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა და სასტარტო ნიშნულიდან რამდენიმე წამის შემდეგ, ჯონსონი დანოკდაუნდა. მაიკლი წამოდგა და ჩხუბი განაგრძო, მაგრამ სჯობდა, ეს არ გაეკეთებინა. რამდენიმე წამი და ტაისონის ბრუტალური ნოკაუტი ვიხილეთ. სულ რაღაც 39 წამი საქმის მოსამთავრებლად და როგორც კომენტატორმა აღნიშნა, მან გაოფლიანებაც ვერ მოასწრო.

მაიკ ტაისონი VS რიკარდო სპეინი

კრივში დამკვიდრებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, პერსპექტიულ მოკრივეებს კარიერის საწყის ეტაპზე დაბალი დონის მეტოქეებთან უნიშნავენ ჩხუბებს. რიკარდო სპეინი სწორედ ამ ვითარებაში აღმოჩნდა, როცა რინგზე „რკინის მაიკის“ წინააღმდეგ გავიდა. სპეინმა კარიერა 2 მოგებითა და 23 მარცხით დაასრულა და ტაისონს ბრძოლის დასამთავრებლად სულ რაღაც 39 წამი დასჭირდა.

მაიკ ტაისონი VS ლუ სავარეზი

ლუ სავარეზესა და მაიკ ტაისონის ბრძოლა უფრო ნაკლებ ხანს გაგრძელდა, ვიდრე ინტერვიუ, რომელიც „რკინის მაიკს“ გამარჯვების შემდეგ ჩამოართვეს. ტაისონმა სავარეზი 38 წამში დააფინიშა, საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში კი დაწერა, რომ ლუსთან ბრძოლამდე კოკაინი და მარიხუანა მიიღო. „რკინის მაიკმა“ ისიც დააყოლა, რომ დოპინგ-ტესტის მოტყუებას ხელოვნური პენისის დახმარებით ახერხებდა, რომელიც სუფთა შარდით იყო სავსე.

მაიკ ტაისონი VS რობერტ კოლეი

მაიკ ტაისონმა კარიერაში მე-10 გამარჯვება რობერტ კოლეისთან მოიპოვა. კოლეი სპეინის მსგავს მოკრივეთა კატეგორიაში გადის და კარიერის ბოლოს მის ანგარიშზე 7 მოგება და 13 წაგება იყო. კოლეი 19 წლის „რკინის მაიკს“ დაუპირისპირდა და ყველაფერი 37 წამში, ბრუტალური ნოკაუტით დასრულდა!

მაიკ ტაისონი VS მარვის ფრეიზერი

მაიკ ტაისონისა და მარვის ფრეიზერის ბრძოლას უდიდესი ინტრიგა ახლდა. „რკინის მაიკი“ მძიმე წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონისა და მუჰამედ ალის დამმარცხებელი ჯო ფრეიზერის შვილს ხვდებოდა. „სმოუქინგ ჯომ“ ბრძოლა საკუთარი თვალით იხილა და მარვისის კუთხეში იმყოფებოდა. მისმა შვილმა „რკინის მაიკთან“ ვერაფერი გააწყო და მხოლოდ 30 წამი გაძლო.

შეგახსენებთ, რომ ტაისონი ბოლო ბრძოლა კვეინ მაკბრაიდთან იყო, რომელსაც იგი 38 წლის ასაკში ეჩხუბა. „რკინის მაიკის“ კუთხემ ბრძოლა მე-6 რაუნდში შეწყვიტა.

გაზიარება: