რონალდინიო ციხიდან გამოუშვეს და შინაპატიმრობაში რჩება
Aa
Aa

რონალდინიო ციხიდან გამოუშვეს და შინაპატიმრობაში რჩება

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო ასისი ციხიდან გამოუშვეს და ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფებიან. მათი დაკავებიდან 32 დღის შემდეგ, პარაგვაელმა მოსამართლემ, გუსტავო ამარილიამ გადაწყვიტა, რომ ბრალდებულებს შეუძლიათ სასამართლო პროცესამდე ასუნსიონში მდებარე სასტუმროში იცხოვრონ.

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდინიოსა და მისი ძმის ადვოკატებმა 1.6 მილიონი დოლარის ოდენობის გირაო გადაიხადეს. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე სასამართლო ძმების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარს აცხადებდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ლეგენდა და მისი ძმა ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების გამო, დააკავეს. პარაგვაელი სამართალდამცველების თქმით, 39 წლის ვარსკვლავსა და მის ძმას ბრალად არასწორი სტატუსით საზღვრის გადაკვეთა ედებათ, რაც პარაგვაის მოქალაქეებად თავის გასაღებას გულისხმობს.

პარაგვაის პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ძმები პარაგვაიში ერთ-ერთი კაზინოს მფლობელმა, ნელსონ ბელოტიმ მიიწვია. მათ ამ მიწვევის ფარგლებში რამდენიმე სოციალურ ღონისძიებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. რონალდინიოს ადვოკატები კი, აცხადებენ, რომ ძმებმა პარაგვაული პასპორტები საჩუქრად მიიღეს და წარმოდგენა არ ჰქონდათ კანონს თუ არღვევდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები