"შოკში ვართ" - რუშთუ Covid-19-ით ჰოსპიტალში რთულ მდგომარეობაშია
კორონავირუსით დაინფიცირებული ლეგენდარული თურქი ფეხბურთელი, რუშთუ რეჩბერი, ჰოსპიტალში იმყოფება და რთულ მდგომარეობაშია. რამდენიმე თურქული გამოცემის ცნობით, რუშთუ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
„ჩვენ ჯერ კიდევ შოკში ვართ იმით, თუ როგორ მოულოდნელად აღმოჩნდა ჩემი მეუღლე დაინფიცირებულთა შორის და როგორ სწრაფად განვითარდა სიმპტომები“. - წერს ვეტერანი მეკარის მეუღლე იზილ რეჩბერი „ინსტაგრამზე“.
აღსანიშნავია, რომ Covid-19-ის ტესტი იზილსა და მის ორ შვილსაც ჩაუტარდათ, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდგინდათ.
ყოფილი ფეხბურთელის მდგომარეობას „ბარსელონა“ „ტვიტერზე“ თურქული წარწერით გამოეხმაურა: „მალე გამოჯანმრთელდი რუშთუ! გვიყვარხარ და „ბარსელონა“ შენ გვერდითაა“.
რუშთუ რეჩბერმა საფეხბურთო კარიერა 2012 წელს, „ბეშიქთაშის“ რიგებში დაასრულა, „ბარსაში“ კი 2003-06 წლებში ირიცხებოდა. მას თურქეთის ნაკრებში ჩატარებულ მატჩთა რეკორდი ეკუთვნის - ეროვნული გუნდის მაისური 120 შეხვედრაში მოირგო.
დღევანდელი დილის მონაცემებით, თურქეთში 9217 ინფიცირებულია, რომელთაგანაც 158 გარდაიცვალა, ხოლო 105 გამოჯანმრთელდა.