Aa
Aa

კორონავირუსი - ფორმულა 1-ის 7 საჯინიბო ხელოვნური სუნთქვის აპარატების წარმოებას იწყებს

გავლენიანი ლონდონური გაზეთის, City A.M-ის ინფორმაციით, ფორმულა 1-ის 7 საჯინიბო, რომელსაც შტაბ-ბინა გაერთიანებულ სამეფოში აქვს, მომდევნო კვირიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატების წარმოებას დაიწყებს.

„ნისლიან ალბიონზე“ კორონავირუსის პანდემიას ებრძვიან და „მაკლარენი“, „უილიამსი“, „რედ ბული“, „რენო“ „რეისინგ პოინტი“, „მერსედესი“ და „ჰაასი“ ბრძოლაში თავიანთი წვლილის შეტანას გეგმავენ.

საჯინიბოებს შორის მოლაპარაკებები ამჟამადაც მიმდინარეობს, თუმცა ზემოთ ხსენებული გუნდების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატების წარმოების პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება.

დღევანდელი მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოს 8100 სასუნთქი აპარატი აქვს. პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიხედვით კი, საჭიროა ეს ციფრი 20000-მდე გაიზარდოს, რადგან კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ძალიან სწრაფად მატულობს.

როგორც მოგეხსენებათ COVID-19-ის ერთ-ერთი სიმპტომი სუნთქვის გაძნელებაა და არის შანსი ვირუსმა პნევმონიაც გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, პაციენტებისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატი შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები