ბალოტელი:
Aa
Aa

ბალოტელი: "ამ წყეული ვირუსის გამო დიდი ხანია შვილები არ მინახავს"

მარიო ბალოტელი სერია ა-ს ხელმძღვანელთა ქმედების გამო განრისხებულია. როგორც მოგეხსენებათ, იტალიაში კორონავირუსის გამო ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ავადდება, რის გამოც სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებელთა დაშვება შეწყდა, თუმცა შეხვედრები ცარიელი ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობს.

„ბალოს“ თქმით, რისკი საკმაოდ დიდია და ფეხბურთისა და ფულის გამო ამის გაკეთება არ ღირს.

„ყველამ უნდა გავიღვიძოთ. ჯანმრთელობა ფულს არ უნდა გადავაყოლოთ. ფეხბურთი ბევრ ადამიანზე მეტად მიყვარს, მაგრამ თუ ჩემპიონატი გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ ვიმგზავრებთ ავტობუსით, მატარებლით, თვითმფრინავით, ვიცხოვრებთ სასტუმროებში და უცხო ადამიანებთან შეხება გვექნება.

ამ წყეული ვირუსის გამო დიდი ხანია შვილები არ მინახავს. ისინი ლომბარდიაში ცხოვრობენ, სადაც ახლა ეპიდემიაა.

დედაჩემს თითქმის ყოველდღე ვნახულობ და არ მინდა, რომ ავადმყოფობა შემეყაროს, შემდეგ კი დედას გადავდო, რომელიც გაცილებით ხანდაზმულია.

რისთვის უნდა გავრისკოთ? რომ ვიღაცამ ფეხბურთს უყუროს და გაერთოს? , თუ ვიღაცამ ფული რომ არ დაკარგოს?“ - ბალოტელის სიტყვებს Football-Italia ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთ დღეში 1 247-ით გაიზარდა. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ჯამში კი ამჟამად ინფიცირების 5 883 დადასტურებული შემთხვევაა.

საქაქრთველოში კორონავირუსით ამ მომენტისთვის 13 ადამიანია ინფიცირებული. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 3 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 101 400 დაინფიცირდა. ინფექცია 90-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები