თბილისში ყინულის ჰოკეის არენა აშენდება
Aa
Aa

თბილისში ყინულის ჰოკეის არენა აშენდება

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა  ევროპის ოლიმპიური კომიტეტების  (EOC) შემფასებელი კომისიის  ანგარიშის ტექსტი მიიღო. კომისიის წევრები (პიტერ ბრული,  სტრატოს კარეტოსი და აზერ ალიევი) 4-7 თებერვალს სპეციალური მისიით იმყოფებოდნენ საქართველოში, შეხვდნენ სეოკ-ისა და შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებს, მოინახულეს ბორჯომი და ბაკურიანი, სადაც დიდი ალბათობით უნდა ჩტარდეს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (EYOF).

 შემფასებელი კომისიის ხემძღვანელის, EOC-ის სპორტული დირექტორის პიტერ ბრულის მიერ ხელმოწერილ შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომვიზიტის მსვლელობის პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სეოკ-ის ხელმძღვანელები, პრეზიდენტის, ვიცე პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის სახით. ვიზიტის პირველ დღეს შემფასებელ კომისიას ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. ყველა სამთავრობო სტრუქტურა  სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF -ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით.

საქართველოს მიერ ზამთრის სპორტში შეტანილი ინვესტიციები უკვე თვალსაჩინოა მიმდინარე წელს   ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული პირველი მედლისა და 2020 წლის  ევროპის მოციგურავეთა ჩემპიონატზე მოპოვებული მედლის სახით. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბაკურიანი შერჩეულია 2023 წლის FIS-ის  სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად.

შემფასებელი კომისიის ვიზიტის მეორე დღე დაეთმო ბაკურიანში არსებული  არენების დათვალიერებას და შეხვედრებს ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. სპორტსმენთა სოფელი და EOC-ის მაღალი რანგის სტუმრების სასტუმრო უკვე მზადყოფნაშია და მაღალი დონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აქ შესანიშნავი პირობებია შექმნილი  სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. 

საქართველოსთვის EYOF -ის მასპინძლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოტივაციას წარმოადგენს ის მემკვიდრეობა, რაც ღონისძიების დასრულების შემდეგ დარჩება ქვეყანაში ზამთრის სახეობების განვითარების თვალსაზრისით. ფესტივალის დაწყებამდე დაგეგმილია შემდეგი პროექტების დასრულება:

1. ტრამპლინი ბაკურიანში: არსებული ტრამპლინი  ტრამპლინიდან  ხტომების დიდ ცენტრს წარმოადგენთა საბჭოთა პერიოდში და მეტად პოპულარულია საქართველოში.  ესაჭიროება სრული რეკონსტრუქცია. პროექტი მომზადებულია FIS-თან თანამშრომლობით და ბიუჯეტი დამტკიცებულია.

2. ბიათლონის ცენტრი ბაკურიანში: ყველა აუცილებელი დაგეგმარება მომზადებულია და დამტკიცებული.

3. ყინულის არენა ბაკურიანში (ფიგურული ციგურაობისთვის) განთავსდება ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ასევე იქნება გახსნის ცერემონიის ადგილი.

4. ყინულის არენა თბილისში (ყინულის ჰოკეისთვის):  აშენდება ზაფხულის 2015 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებული  არენების მახლობლად და იქნება პირველი ყინულის ჰოკეის არენა თბილისში.

ამასთანავე,  2020-2021 წლებისთვის  აშენდება  ახალი გზატკეცილები, რომლებიც ბორჯომსა და ბაკურიანს დააკავშირებენ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან.

ვიზიტი ორგანიზებულ იქნა მეტად მაღალ დონეზე და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში დიდი პოტენციალი არსებობს 2025 წელს შესანიშნავი  ფესტივალის ჩასატარებლად."

ქართული მხარის მიერ ყველა აუცილებელი წინასწარი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში, ბორჯომი-ბაკურიანი ფესტივალის მასპინძლად ოფიციალურად გამოცხადდება წლეულს, ნოემბერში გასამართ EOC-ის გენერალურ ასამბლეაზე.

ცხელი ამბები