''სპარტაკი'' ჩემს გულში რჩება'' - ანანიძის ემოციური დამშვიდობება
Aa
Aa

''სპარტაკი'' ჩემს გულში რჩება'' - ანანიძის ემოციური დამშვიდობება

ჯანო ანანიძემ მოსკოვის ''სპარტაკთან'' კონტრაქტი გაწყვიტა. ფეხბურთელი რუსულ კლუბში 2009 წლიდან ირიცხებოდა და კონტრაქტის გაწყვეტამდე მოქმედი კონტრაქტის მიხედვით ანანიძის წლიური ხელფასი მილიონ 700 000 ევროს შეადგენდა.

ანანიძე ''სპარტაკს'' ემოციური ტექსტით დაემშვიდობა.

''სპარტაკთან'' კონტრაქტის გაწყვეტაზე შევთანხმდი. ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მიხარია, რომ 2009 წელს ისეთ გუნდში მოვხვდი, როგორიც ''სპარტაკია.'' აქ 11 წელი გავატარე, ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში იყო ნათელი და შავი ფერები.

რთულ პერიოდში კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, უპირველეს ყოვლისა ლეონიდ ფედუნს ვგულისხმობ, ასევე კლუბის თითოეულ წევს, ფეხბურთელებს, მმართველებს, მწვრთნელებს, სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს. ყველას არ ეძლევა იმის საშუალება, რომ დაიცვას ისეთი გუნდის ღირსება, იყოს ისეთი გუნდის წევრი, როგორიც ''სპარტაკია.''

ამავდროულად დიდ სიყვარულს და თანადგომას ვგრძნობდი ქომაგთა მხრიდან. მათი მადლიერი ვარ. ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ''სპარტაკი'' ჩემს გულში რჩება.''

შეგახსენებთ, ანანიძე 2009 წლიდან მოსკოვის ''სპარტაკის'' ფეხბურთელი იყო. მან 2013 წელს იჯარის წესით ''როსტოვში'' ითამაშა, გასული სეზონის მეორე ნახევარში კი ასევე იჯარით ''კრილია სოვეტოვში'' ასპარეზობდა. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ანანიძე ''სპარტაკში'' დაბრუნდა და კვლავ ნაცნობი პრობლემის წინაშე დადგა, მას მოსკოვურ გუნდში არ ენდობოდნენ და კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები