Aa Aa
20 იანვარი 2020  |  14:26

კოკაი - რიკიში, რომელმაც ევროპელ მებრძოლებს დიდ სუმოში გზა გაუკვალა

იაპონურმა გაზეთმა Japantimes-მა კოკაის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ქართველ სუმოტორს უწოდა ადამიანი, რომელიც ევროპელ მებრძოლებს დიდ სუმოში ფეხის მოკიდებაში დაეხმარა.

***

პირველი რიკიში, რომლის წარმოშობის ადგილად იაპონია არ იყო მითითებული ჰირაგა გახლდათ. იგი პროფესიონალურ სუმოს 1934 წელს შეუერთდა.

სამი დეკადის შემდეგ, ჯესე კუჰაულუა პირველი არაიაპონელი გახდა, რომელიც ოზუმოში გაწევრიანდა. ევროპელ სუმოტორებს კი სუმოს უმაღლეს დივიზიონებში ადგილის დასამკვიდრებლად კიდევ ნახევარი საუკუნე დასჭირდათ. ევროპელი, რომელმაც ოზუმოს კარი პირველმა შეაღო ქართველი მებრძოლი ლევან ცაგურია იყო. ეს უკანასკნელი კოკაის (შავი ზღვა) სახელით იბრძოდა.

ცაგურიას გადაწყვეტილებამ ევროპელი სუმოტორების იაპონიის ნაციონალურ სპორტში წასვლას დაუდო სათავე. მომდევნო 18 თვის განმავლობაში იაპონიაში ტაკანოიამა (ჩეხეთი), როჰო და ჰაკუროზანი (რუსეთი) და კოტოოშუ (ბულგარეთი) წავიდნენ.

კოკაი ზორბა და ახოვანი რიკიში გახლდათ, რომელიც ძალისმიერ სუმოს მისდევდა. ლევანს ტექნიკა აკლდა, რასაც მაქსიმალური ძალისხმევით ბრძოლით ანეიტრალებდა.

189 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე ქართველი კარიერის დიდი ნაწილი დაახლოებით 155 კილოგრამს იწონიდა და მის სტილს, რომელიც აგრესიულ ბიძგებზე და ხელის კვრაზე იყო აგებული, უმეტეს შემთხვევაში მეტოქეები ვერ უმკლავდებოდნენ.

ყოფილმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ტიტული სუმოს 6 დივიზიონიდან 4-ში დაისაკუთრა. მისი საუკეთესო გამოსვლა კი 2008 წლის მარტში ვიხილეთ, როცა მან ბაშო 12 მოგებითა და 3 წაგებით დაასრულა და მხოლოდ ასაშორიუს ჩამორჩა. იმ ტურნირზე ლევანს სამივეჯერ ევროპელმა სეკიტორებმა სძლიეს.

პროფესიონალურ სუმოს კოკაისთან ერთად მისი ძმაც შეუერთდა, თუმცა მამის უეცარი გარდაცვალების გამო, იგი იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და დედაზე ეზრუნა.

კოკაი სოხუმში დაიბადა და 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მას ღირსების ორდენი გადასცა. ლევანმა თანამემამულეებს, ტოჩინოშინსა და გაგამარუს ოზუმოში გზა გაუკვალა.

სუმოტორის კარიერის დასრულების შემდეგ, ცაგურია საქართველოში დაბრუნდა და სამშობლოში სამოყვარულო სუმოს აღორძინებაში წვლილის შეტანას განაგრძობს.

2018 წელს, იგი 4 წლით საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები