Aa
Aa

დავიდ ვილა დიდი ფეხბურთიდან მიდის

კატალონიის „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა, დავიდ ვილამ დიდი ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. 37 წლის ესპანელი ამჟამად „ვისელ კობეს“ ღირსებას იცავს, თუმცა როგორც რამდენიმე საათის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. აქვე გეტყვით, რომ იაპონიაში სეზონის დასრულებამდე სამი თამაშია დარჩენილი.

დავიდ ვილამ საფეხბურთო კარიერა „ხიხონში“ დაიწყო. 2003 წელს მან „სარაგოსას“ მიაშურა. 2005-ში კი „ვალენსიაში“ გადავიდა და „ღამურების“ მაისურით ჩატარებულ 219 შეხვედრაში 127 გოლი შეაგდო.

ესპანური ფეხბურთის გრანდებს მისი წარმატებული გამოსვლა არ გამოჰპარვიათ და 2010 წელს ვილა „ბარსელონამ“ გადაიბირა. „კამპ ნოუზე“ „ელ გუახემ“  3 სეზონი გაატარა, შემდეგ კი „ატლეტიკოს“ შეუერთდა.

ვილამ „როხიბლანკო“ 2014 წელს დატოვა და კარიერა “ნიუ იორკ სიტიში“ გააგრძელა. MLS-ში იგი 4 წლის განმავლობაში თამაშობდა და რამდენიმე თვის წინ „ვისელ კობეს“ რიგებში ჩაირიცხა.

19 წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ვილამ როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე პრაქტიკულად ყველა ტიტული დაისაკუთრა „ელ გუახე“ „ფურია როხასთან“ ერთად ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, „ბარსელონაში“ კი ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

ვილამ კარიერის განმავლობაში 752 შეხვედრა ჩაატარა და 376 გოლით გვემშვიდობება!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები