Aa
Aa

ზვერევმა ნადალი გაანადგურა და ჯგუფს ციციპასთან ერთად ლიდერობს

ლონდონში მიმდინარე მამაკაც ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე A ჯგუფის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

დღის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს ახალი თაობის ორი თვალსაჩინო წარმომადგენელი - დანილ მედვედევი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ.

ბერძენმა თამაში შესანიშნავად ჩაატარა, მეტოქეს ბრეიკ-პოინტიც არ მისცა და რთულ ორსეტიან ბრძოლაში - 7:6; 6:4 დაამარცხა. ციციპასმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

დღის მეორე და აფიშით კიდევ უფრო საინტერესო შეხვედრა მსოფლიოს პირველ ჩოგან რაფაელ ნადალსა და ტურნირის მოქმედ ჩემპიონ ალექსანდრ ზვერევს შორის შედგა.

ლეგენდარული ესპანელი უჩვეულოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, ზვერევმა კი ბრწყინვალე თამაში აჩვენა და მატჩი საათსა და 25 წუთში - 6:2; 6:4-ით დაასრულა.

შედეგად, პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს ციციპასი და ზვერევი ლიდერობენ, ნადალსა და მედვედევს კი მეორე ტურში უმნიშვნელოვანესი მატჩის ერთმანეთის წინააღმდეგ ჩატარება მოუწევთ. პარალელურად კი ზვერევი და ციციპასი ჯგუფის ერთპიროვნული პირველი პოზიციისთვის იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები