ისტორიაში პირველად! "ვაშინგტონი" MLB-ის ჩემპიონი გახდა!
„ვაშინგტონი ნეიშენალსი“ თავის ისტორიაში პირველად MLB-ის ჩემპიონი გახდა. გამთენიისას დედაქალაქელებმა სტუმრად კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს და სანუკვარ თასს დაეუფლნენ.
ფინალური სერიის გადამწყვეტი შეხვედრა „ჰიუსტონ ასტროსის“ საშინაო არენაზე გაიმართა და მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. მეორე და მეხუთე ინინგში მოპოვებული თითო-თითო ქულის წყალობით ტეხასელები დამაჯერებლად ლიდერობდნენ, მაგრამ მეშვიდე ინინგში ყველაფერი შეიცვალა.
ენტონი რენდონისა და ჰოუი კენდრიკის ჰოუმ რანებით „ვაშინგტონმა“ სამი ქული დააგროვა და წინ გაიჭრა. მომდევნო ორ ინინგში „ნეიშენალსმა“ კიდევ 3 ქულა მიითვალა და სოლიდური უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.
ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე „ვაშინგტონის“ პიჩერი, სტივენ სტრასბურგი გახდა. ამ უკანასკნელმა ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორივე მატჩი „ნეიშენალსის“ გამარჯვებით დასრულდა. სტრასბურგმა “ჰიუსტონის“ წინააღმდეგ ჯამში 14.2 ინინგი ჩაატარა, 14 სტრაიკაუტი გაიფორმა და მეტოქეს მხოლოდ 4 ქულის დაგროვების საშუალება მისცა.