მოურინიოს უარი "ლიონს" - ჟოზემ მომდევნო კლუბი უკვე შეარჩია?
მადრიდის "რეალისა" და "ჩელსის" ექს-თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ "ლიონის" შეთავაზება უარყო, რადგან უკვე აირჩია კლუბი, რომელსაც ჩაიბარებს.
პორტუგალიელი სპეციალისტი ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობდა. "ოლდ ტრაფორდის" დატოვების შემდეგ, "მოუ" ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტის ფუნქციებს ირგებს.
"განსაკუთრებულს" საყვარელი საქმიანობის გაგრძელება უნდა და თავისი სურვილი საჯაროდაც დააფიქსირა. როგორც ირკვევა მოურინიოს დანიშვნით "ლიონი" ინტერესდებოდა, რომელმაც ორშაბათს სილვინიო გაათავისუფლა. თუმცა ფრანგული გრანდის პრეზიდენტის, ჟან-მიშელ ოლას თქმით მოურინიომ მათ უარი იმიტომ უთხრა, რომ პორტუგალიელმა უკვე აირჩია კლუბი, რომელსაც ჩაიბარებს.
"ლიონის" პრეზიდენტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ჟოზე "ტოტენჰემის" თავკაცის პოსტით ინტერესდება. "ნისლიან ალბიონზე" იუწყებიან, რომ პორტუგალიელი ლონდონში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება.
როგორც მოგეხსენებათ "დეზებს" სერიოზული პრობლემები აქვთ და უცხოური პრესა იმასაც იტყობინება, რომ პოჩეტინო გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს.