Aa
Aa

"ფლაიერსის" ახალგაზრდა მეკარის ისტორიული შედეგი

„ფილადელფია ფლაიერსის“ 21 წლის მეკარემ, კარტერ ჰარტმა კარიერაში პირველი შათაუთი გაიფორმა. პერსპექტიულმა გოლკიპერმა თავი „ნიუ ჯერსი დევილსის“ წინააღმდეგ გამოიჩინა და მატჩის შემდეგ „უელს ფარგო ცენტრში“ შეკრებილი გულშემატკივარი მას ფეხზე წამოუდგა.

ჰარტი „ფილადელფიას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა, რომელმაც ძირითადში დაიწყო და გაშვებული გოლების გრაფაში ნული დააფიქსირა. აქამდე „ფლაიერსის“ რეკორდსმენი დომინიკ რუსელი გახლდათ. მან შათაუთი 1992 წელს „კალგარის“ წინაააღმდეგ 22 წლისა და 5 დღის ასაკში შეასრულა.

ჰარტმა საერთო ჯამში 25 დარტყმა მოიგერია და რამდენიმე ურთულესი სეივიც მიითვალა. მატჩის შემდეგ „ფლაიერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალან ვინეომ თავისი შეგირდი შეაქო და განაცხადა, რომ მას დიდი მომავალი აქვს.

რაც შეეხება ჰარტს, კარტერი ყველაფერს ჩვეულებრივად შეხვდა და ქომაგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ფილადელფიამ“ „ნიუ ჯერსი“ 4-0 დაამარცხა და წლევანდელ სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. „ფლაიერსი“ დიდი ხანია მაღალი დონის მეკარის ძიებაშია და ამერიკულ პრესას თუ დავუჯერებთ, მას ტოპ კლასის გოლკიპერი ეზრდება.