ლეგენდარული ევანდერ ჰოლიფილდი რინგზე ბრუნდება!
ლეგენდარული მოკრივე, ევანდერ ჰოლიფილდი საყვარელ საქმიანობას უბრუნდება. რამდენიმე დღის წინ 55 წლის ნაიჯელ ბენმა განაცხადა, რომ რინგზე კიდევ ერთხელ გავა და ჰოლიფილდი ზუსტად იგივეს აკეთებს.
56 წლის მოკრივის ბრძოლა ლიცენზირებული ჯახი არ იქნება. ევანდერი იაპონიაში საჩვენებელ შეხვედრას გამართავს და შემოსულ თანხას საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებენ.
ჰოლიფილდმა ბოლოს 2011 წლის 7 მაისს იჩხუბა და ბრაიან ნიელსენი ნოკაუტით დაამარცხა, თუმცა ამერიკელი მოკრივე აცხადებს, რომ კვლავ კარგ ფორმაში იმყოფება.
„მთავარია იაპონელმა ხალხმა მსოფლიოს ოთხგზის ერთადერთი ჩემპიონი იხილოს. ეს მათთვის და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
„მეტოქის ნოკაუტში ჩაგდება კვლავ შემიძლია, მაგრამ საქველმოქმედო ბრძოლაა და ვნახოთ რა მოხდება“.
შეგახსენებთ, რომ ევანდერ ჰოლიფილდი ენტონი ჯოშუას დამმარცხებელ ენდი რუის ჯუნიორს ავარჯიშებდა და ამერიკელი დარწმუნებული იყო, რომ მექსიკელი კრივის მოყვარულებს აუცილებლად გააოცებდა.