Aa
Aa

მოურინიო: "რონალდუ ფენომენია"

მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პორტუგალიურ ტელეარხს ინტერვიუ მისცა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„განსაკუთრებულმა“ თანამემამულის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა: „არ მიკვირს რონალდუ ასე რომ თამაშობს. 34 წლის ასაკში იგი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც ტოპ კლუბის ღირსებას იცავს და დიდი ამბიციები აქვს“.

„რონალდუ ფენომენია, რომელიც მხოლოდ გამარჯვების მოპოვებაზეა ორიენტირებული და სურს უფრო და უფრო კარგი თამაში აჩვენოს. სწორედ ამიტომ არ მიკვირს ის, რასაც ეს ადამიანი აკეთებს“.

„რონალდუ 50 წლის რომ იქნება, FIFA საფეხბურთო ლეგენდებს შორის გასამართ მატჩზე მიიწვევს. კრიშტიანუ კარგად იასპარეზებს და გოლსაც გაიტანს. დარწმუნებული ვარ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების მაისურით ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში პოკერი შეასრულა და რეკორდი დაამყარა. „იუვეს“ სუპერვარსკლავმა ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე 25 გოლი მოაგროვა, რაც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე რეკორდი ირლანდიელ რობი კინს ეკუთვნოდა, რომლის აქტივშიც აღნიშნულ სტადიაზე გატანილი 23 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები