Aa
Aa

შუმახერი პარიზში მკურნალობის ინოვაციურ კურსს გაივლის

ფორმულა ერთის ლეგენდარული პილოტი, მიხაელ შუმახერი პარიზში მდებარე ჟორჟ პომპიდუს სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა მკურნალობის ინოვაციური კურსი გაიაროს.

შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ალპებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფართო მასებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. როგორც ირკვევა გერმანელი კლინიკაში ამჯერადაც ფარულად გადაიყვანეს.

მიხაელი ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის კურსს გაივლის, რომელსაც ფრანგი ქირურგი, ფილიპ მენაში უხელმძღვანელებს. ეს უკანასკნელი კარდიოლოგია და 2014 წელს პირველი ექიმი გახდა, რომელმაც გულის პრობლემების მქონე პაციენტს ემბრიონული ღეროვანი უჯრედები გადაუნერგა.

Le Parisien-ის ცნობით შუმახერი საავადმყოფოში ორშაბათს ადგილობრივი დროით 15:30-ზე შვეიცარიული ნომრების მქონე სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს. ყველაფერი მკაცრად გასაიდუმლოებული გახლდათ. გერმანელი პილოტი საკაცეზე იწვა და მის სხეულსა და სახეს ლურჯი ზეწარი ფარავდა. შუმახერს თან 10 კაციანი ჯგუფი ახლდა, რომელსაც სწორედ მენაში ხელმძღვანელობდა.

ფრანგული გამოცემის მიხედვით მკურნალობა დღეს დაიწყება და ოთხშაბათს დასრულდება. უცხოური პრესის ცნობით შუმახერი ჟორჟ პომპიდუს სახელობის საავადმყოფოს წლეულს მესამედ ესტუმრა.

ცხელი ამბები