Aa
Aa

"ღია ბრძოლის გამოცხადება მეტად კრიტიკულ პერიოდში" - სარაგბო სამყაროში დაპირისპირებაა?

საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი, ბაჩო ხურციძე, თანამდებობას ტოვებს და აღნიშნული ორგანოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აანონსებს.

ხურციძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს განცხადებით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ნებისმიერი წარმატების საწინდარია ჯანსაღი საკადრო პოლიტიკა, გააზრებული პროექტები და ქმედითობა, ხოლო არასწორი მენეჯმენტი, გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკა, ინერტულობა, რასაც ბოლო წლებში ვაკვირდებით, უამრავ პრობლემას გვიქმნის როგორც ზოგადად, ისე მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესშიც.

ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ და სხვა პრობლემებზე, არაერთხელ ღიად დაგიფიქსირეთ ჩემი პოზიცია, შემოგთავაზეთ გულწრფელი რჩევები და ჩემი პირადი გამოცდილების გაზიარება. თუმცა, ურთიერთთანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირება არჩიეთ, შესაძლოა, თქვენი მხრიდან ჩემი კონკურენტად დასახვის გამომიმდინარე წელს გასამართ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ღია ბრძოლის გამოცხადება მეტად კრიტიკულ პერიოდში, სწორედ მაშინ, როდესაც ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პირველი შეკრება დაიწყო, ჩემი ჩამოშორება მზადების ამ მნიშვნელოვან პროცესში მსოფლიო რაგბისთან კომუნიკაციისგან; ჩემი ამოღება ჩემპიონატზე მიმავალი დელეგაციის შემადგენლობიდან, რომლის ხელმძღვანელადაც ვიყავი წარდგენილი, დაბოლოს, ვაკანსიის გამოცხადება ამჟამად ჩემს მიერ დაკავებულ პოზიციაზე, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს გასაკეთებელი საქმის მიმართ.

ამგვარმა მმართველობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქართული რაგბის ასე სათუთად ნაშენებ რეპუტაციასა და იმიჯს, შეარყია მისი ფუნდამენტი". – ნათქვამია ბაჩო ხურციძის განცხადებაში.

ხურციძე საქართველოს რაგბის კავშირში 2008 წლიდან მუშაობდა. წარსულში იგი საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის და ოპერაციული დირექტორის პოსტს იკავებდა.

ცხელი ამბები