თბილისი 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ პრესკონფერენცია გამართეს და 11-18 აგვისტოს, თბილისში გასამართ 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს.
პრესკონფერენციას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრები და გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო მაისურაძე დაესწრნენ.
ასევე, წყალბურთელებს მოახლოებულ ჩემპიონატზე წარმატება უსურვეს - მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ.
სამინისტროს სტუმრობდნენ და მინისტრთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ევროპის წყალბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა - ჯანი ლონციმ ტექნიკური კომიტეტის თავჯდომარემ და მარკო ბირიმ აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორმა.
11-18 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიური საცურაო აუზი 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის უძლიერესი 16 ნაკრები.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბ-ჯგუფში იქნებიან - მონტენეგრო, სლოვაკეთი და რუმინეთი.
11 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს.
მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. 20:30 საათზე დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია.