Aa
Aa

"ძალის ნახევარსაც ვერ იყენებს" - ტოჩინოშინი "ნაგოია ბაშოს" ტოვებს

„ნაგოია ბაშო“ ქართველი ოძეკის, ლევან გორგაძის გარეშე გაგრძელდება. ტრავმებით გაწამებულმა ტოჩინოშინმა ტურნირის დატოვება გადაწყვიტა.

იაპონური პრესის ცნობით ლევანს მარჯვენა მუხლი ძალიან აწუხებს და „ნაგოია ბაშოს“ დაწყებამდე მიღებული მარცხენა მხრის დაზიანებაც ახსენებს თავს.

ჩვენებურმა ფალავანმა ტრავმის მიუხედავად 5 ბრძოლა მაინც ჩაატარა, თუმცა აშკარა იყო, რომ სათანადო ფიზიკურ კონდიციებში არ იმყოფებოდა. გორგაძემ სწორი არჩევანი გააკეთა და იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო ბაშოს ტრავმების გარეშე შეხვდება.

ქართველი სეკიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი „კასუგანო ბეიას“ ხელმძღვანელმა, კასუგანომაც გააკეთა და აღნიშნა: „ტოჩინოშინი მაქსიმუმს აკეთებდა, რათა ტკივილს გამკლავებოდა და ორთაბრძოლები ჩაეტარებინა, თუმცა ძალის ნახევარსაც ვერ იყენებს".

გავრცელებული ინფორმაციით ლევანმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და მენისკი დაიზიანა. მარცხენა მხარზე კი ორგან აქვს კუნთი გაწყვეტილი. ასეთი დაზიანებებით გამოდიოდა ტოჩინოშინი ბაშოზე! პატივისცემა ლევანს!

მომდევნო ბაშოზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება გორგაძე კადობანში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევანს ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად მინიმუმ 8 გამარჯვების მოპოვება დასჭირდება.

ცხელი ამბები