Aa
Aa

ისტორიაში პირველად! - "უნიონი" ბუნდესლიგაში აღზევდა

ბერლინის "უნიონი" ისტორიაში 56-ე გუნდია, რომელიც გერმანიის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს. დედაქალაქელებმა "შტუტგარტს" საპლეიოფო ორრაუნდიან დაპირისპირებაში აჯობეს და თავიანთთვის აქამდე უპრეცედენტო წარმატებას მიაღწიეს.

2012 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა დასაწინაურებელ ფლეი-ოფში მეორე ბუნდესლიგის გუნდმა იმარჯვა. "უნიონმა" პირველი შეხვედრა სტუმრად 2:2 დაასრულა, საკუთარ მოედანზე ნათამაშები უგოლო ფრე კი საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ბერლინელთა რიგებში მოედანზე 82-ე წუთზე გავიდა აკაკი გოგია, რომელიც გერმანიის მოქალაქეა და დასრულებულ სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ოცნების ასრულებაა. თითოეული ფეხბურთელისა და გუნდის ყველა წევრისათვის ეს სანატრელი გამარჯვებაა. "უნიონი" ბუნდესლიგაში ისტორიაში პირველად ითამაშებს, რაც გუნდისთის ძალიან ბევრს ნიშნავს, ასე რომ, დიახ, ჩვენ ბედნიერები ვართ". - განაცხადა დასრულებულ სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა, სებასტიან ანდერსონმა.

დედაქალაქელებმა, რომელთაც "ბაზელის" ყოფილი დამრიგებელი, ურს ფიშერი, ავარჯიშებს, მეორე ბუნდესლიგის გასულ სეზონში თავიანთი მეტსახელი - "რკინის უნიონი" გაამართლეს და  ჩემპიონატის 34 ტურში მხოლოდ 33 გოლი გაუშვეს, რაც, რა თქმა უნდა, ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია.

რაც შეეხება "შტუტგარტს", მან უმაღლეს დივიზიონში ბოლო 42 სეზონიდან 40 გაატარა და ამ პერიოდში მეორე ლიგაში მეორედ დაქვეითდა. ბუნებრივია, დამწუხრებული იყო გუნდის ლეგენდა და ამჟამად სპორტული დირექტორი, ტომას ჰიტცლსპერგერი, რომელმაც პრესასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და მეტოქის წარმატებას დამსახურებული უწოდა.

"ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ. თუმცა, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ "უნიონმა" კარგად ითამაშა და ბუნდესლიგაში დაწინაურება დაიმსახურა. მათ ორივე თამაშში უშეღავათო ბრძოლა გაგვიმართეს, რითაც საბოლოო მიზანს მიაღწიეს. ჩვენ კი მართლაც ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, პირველ რიგში, მთლიანად სეზონით, რადგან გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა". - დასძინა ჰიტცლსპერგერმა.

ბერლინის "უნიონი" 1966 წელს დაარსდა, მისი ყველაზე დიდი წარმატება 2001 წელს გერმანიის თასის ფინალში გასვლაა - "შალკესთან" დამარცხდა. "უნიონი" აღმოსავლეთ ბერლინის - პირველი, ხოლო აღმოსავლეთ გერმანიის მე-6 გუნდია, რომელიც ბუნდესლიგაში ითამაშებს.

"რკინის უნიონის", როგორც კლუბს წლების განმავლობაში გერმანიაში შეერქვა, მთავარი მახასიათებელი, მისი გულშემატკივარია, რომელიც განსაკუთრებული ვნებითა და ფეხბურთის სიყვარულით გამოირჩევა. 2014 წელს, "უნიონის" ფანების შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.

კლუბის ყველაზე საძულველი მეტოქე ბერლინის კიდევ ერთი გუნდი - "დინამოა", რომელიც ამჟამად ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონულ ლიგაში ასპარეზობს. მომდევნო სეზონში კი ბუნდესლიგას დედაქალაქური დერბი შეემატება - "უნიონი" "ჰერტას" წინააღმდეგ!

შეგახსენებთ, რომ "უნიონის" გარდა, პირველ ბუნდესლიგაში ასევე "კიოლნი" და "პადერბორნი" აღზევდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები