Aa
Aa

სენსაცია მოსკოვში! თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ცსკა" დაამარცხა

ევროლიგის პლეიოფის პირველ შეხვედრაში განცდილი ფიასკოს შემდეგ თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სენსაცია გამოაცხო. ვიტორიელებმა სტუმრად ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტს, მოსკოვის "ცსკას" სძლიეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.

მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო. ბასკებმა პირველი მეოთხედი 27-18 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 5 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. მესამე ათწუთეული შენგელიას გუნდის კარნახით წარიმართა და გადამწყვეტი პერიოდის წინ "ცსკა" მეტოქეს 14 ქულით ჩამორჩებოდა. "არმიელებმა" ბოლო მეოთხედში სიტუაციის გამოსწორება სცადეს, თუმცა "ბასკონიას" სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებია და 78-68 იმარჯვა.

ვიტორიელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი დარუნ ჰილიარდმა შეიტანა, რომელმაც გუნდს 16 ქულა შესძინა. შავონ შილდსი 15 ქულით გამოირჩა, ვინსენ პუარემ კი შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 22 წუთი და 37 წამი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა აქტივში 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. თოკომ 6-დან 2 ორიანი და ერთი სამიანი ჩააგდო. რაც შეეხება მეთიუ ჯენინგს, მან 3 ქულა მიითვალა.

მოსკოვში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სერია ესპანეთში გადაინაცვლებს. ვიტორიელები საკუთარ პარკეტზე 2 მატჩს გამართავენ და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი ექნებათ. "ბასკონია" - "ცსკას" მესამე დაპირისპირება 24 აპრილს ჩატარდება და თბილისის დროით 22:30-ზე აიღებს სტარტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები