Aa
Aa

მარეიმ ოპერაციის შემდეგ ვარჯიში განაახლა

შოტლანდიელი ჩოგბურთელი, ენდი მარეი ზურგზე ჩატარებული კიდევ ერთი ოპერაციის შემდეგ კორტზე დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა. მარეი საჩოგბურთო მოედანზე დაახლოებით 2 თვე არ გასულა, ამიერიდან კი ეცდება, რომ დიდ სპორტსაც დაუბრუნდეს.

ბრიტანელმა იანვარში განაცხადა, რომ ზურგის ტრავმა მას კარიერის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს და ივლისში, „უიმბლდონის“ დასრულების შემდეგ ჩოგბურთიდან ოფიციალურად წავიდოდა, თუმცა ბოლო დროს პოზიტიური სიახლეებია, რამაც, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

მარეის თქმით, იგი ჯერ დარწმუნებული არაა, ითამაშებს თუ არა „უიმბლდონის“ ერთეულთა თანრიგში, სამაგიეროდ, წყვილთა შორის გამოსვლას გეგმავს. ენდის მდგომარეობა ბობ ბრაიანისას შეგვიძლია შევადაროთ - ამერიკელსაც იგივე ტრავმა ჰქონდა და კარიერის განახლება 5.5 თვის შემდეგ მოახერხა.

მიმდინარე წლის „უიმბლდონი“ 1 ივლისს დაიწყება, იქამდე კი საჩოგბურთო სამყარო თიხის სეზონს მიადევნებს თვალს და სხვა საინტერესო ტურნირებთან ერთად, პარიზში გასამართი „როლან გაროსით“ დატკბება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები