ჟან-კლერ ტოდიბო, „ბარსას“ მომავალი, რომელმაც 9 წლის ასაკში კინაღამ ორივე ფეხი დაკარგა
Aa
Aa

ჟან-კლერ ტოდიბო, „ბარსას“ მომავალი, რომელმაც 9 წლის ასაკში კინაღამ ორივე ფეხი დაკარგა

წლევანდელი სეზონის სტარტზე ჟან-კლერ ტოდიბოს შესახებ საფეხბურთო სამყაროსთვის ბევრი არაფერი იყო ცნობილი. „ტულუზაში“ ახალგაზრდა მოთამაშის დებიუტი აგვისტოში შედგა. იანვარში კი უკვე „ბარსელონას“ რიგებს შეუერთდა.

თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით „ბლაუგრანას“ 19 წლის უკანახაზელი სეზონის ბოლოს უნდა შეეძინა, თუმცა დაცვაში არსებული პრობლემების გამო ტრანსფერი დააჩქარა. ტოდიბო დიდი წნეხის ქვეშაა. მას კატალონიელებმა 6 ნომრიანი მაისური დაუთმეს...

ჟან-კლერმა უმოკლეს დროში დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ყველაფერი შესაძლოა აბსოლუტურად განსხვავებული სცენარით განვითარებულიყო. 9 წლის ტოდიბო პარიზის გარეუბანში ძიუდოს გაკვეთილზე დასასწრებად მიდიოდა, როცა მანქანა დაეჯახა... ბიჭუნამ სერიოზული დაზიანებები მიიღო. 

ტოდიბომ ეს ინციდენტი La Depeche-თან საუბრისას გაიხსენა: „ყველაფერი 24 მაისს მოხდა. სახლიდან გამოვედი და ძიუდოს გაკვეთილზე დასასწრებად გავემართე. გზის გადაკვეთისას ავტომობილი დავინახე, რომელიც პირდაპირ ჩემკენ მოქროდა... საშინელი დაზიანებები მივიღე და ბეწვზე გადავრჩი. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა ნაიარევი დღემდე ორივე ფეხზე მეტყობა“.

ინციდენტის შემდეგ ტოდიბოს წარმატების აღარავის სჯეროდა. მისი მწვრთნელი დარწმუნებული იყო, რომ ჟან-კლერის კარიერა დასრულებული გახლდათ... თუმცა ტოდიბომ შეუძლებელი შეძლო. ერთი წლის შემდეგ იგი საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა და „ლეს ლილასის“ ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. სულ მალე მან „ტულუზას“ ყურადღება მიიპყრო.

ფრანგული კლუბის აკადემიაში გატარებული 12 თვის შემდეგ, იგი „ტულუზას“ ბ გუნდში დააწინაურეს, რომელიც საფრანგეთის რიგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობდა. აქ ტოდიბომ მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა და ძირითად გუნდში გადავიდა. შემდეგ რაც მოხდა თავადაც მოგეხსენებათ.

ტოდიბოს მენტორის, გრენეშის, თქმით ჟან-კლერი უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც მუდამ გამარჯვების მიღწევა სურს: „მახსოვს ერთხელ სეზონის ბოლო შეხვედრას ვატარებდით და ქულის აღების შემთხვევაში ორივე გუნდი მომდევნო დივიზიონის საგზურს ინაღებდა. მატჩი ფრედ, 1-1, დასრულდა. ყველა გახარებული იყო ტოდიბოს გარდა. იგი გაბრაზებული დადიოდა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. ასეთი ბიჭია ჟან-კლერი! მას ყველა შეხვედრის მოგება უნდა“.

მართალია ტოდიბო 19 წლისაა, მაგრამ ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. ამ ბიჭს წარსული არასდროს დაავიწყდება და წარმატების მისაღწევად მუდამ მაქსიმუმს გააკეთებს... ტოდიბოს მსგავსი ფეხბურთელი ალბათ ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა.

ასევე იხილეთ - Crystalbet-სა და ფეხბურთის ფედერაციის შორის ისტორიული ხელშეკრულება გაფორმდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები