ლეგენდარული მენოტი - ნაკრების პრობლემებზე, მესიზე და მარადონას 1986 წლის გუნდზე
არგენტინის ეროვნული ნაკრების დირექტორმა, ლეგენდარულმა სესარ ლუის მენოტიმ პრესასთან გუნდში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
მენოტი მესის საკითხს შეეხო და მარადონას ფორმაციის ნაკრები გაიხსენა.
„მე არასდროს ჩავერევი მწვრთნელის კომპეტენციაში. აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ მას დავეხმარო და რჩევები მივცე.
მე მათ რიცხვს მივეკუთვნები ვინც ფიქრობს, რომ არგენტინულ ფეხბურთში ბევრი კარგი მოთამაშეა.
„ეჭვიც არ მეპარება - მესი ნაკრებში დაბრუნდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით პრობლემები მოგვარდა და გადავრჩით.
ეროვნულ ნაკრებში თამაში არის მოწვევა და არა ვალდებულება“.

მენოტიმ მარადონას ფორმაციის არგენტინის ნაკრები გაიხსენა და დღეს არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა.
„თუ თქვენ გადახედავთ მარადონას არგენტინის ნაკრებს, რომელიც მექსიკის (1986) მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა დაინახავთ, რომ დიეგო გუნდში ბევრი მაღალი დონის მოთამაშით იყო გარშემორტყმული.
პირველ რიგში რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს გახლავთ გუნდის ძალიან კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტება“.
მენოტიმ ამ განცხადებით ირიბად მიანიშნა, რომ არგენტინის ნაკრები ბოლო წლებში არც თუ ისე შესაფერისი და მაღალი დონის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.
შეგახსენებთ, რომ სესარ ლუის მენოტი არგენტინის ნაკრებს 1974-1982 წლებში წვრთნიდა. „ალბისელესტემ“ მისი ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ისტორიაში პირველად შეძლო.
