ხაბიბ ნურმაგომედოვი: "სენ-პიერი, ფერგიუსონი და მეივეზერი! რატომაც არა"?!
ხაბიბ ნურმაგომედოვს დიდი ამბიციები აქვს. დაღესტნელ მებრძოლს სურს UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენის სტატუსი დაისაკუთროს. მიზნის მისაღწევად ნურმაგომედოვი მზადაა ოქტაგონზე ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ გამოვიდეს და საკუთარი სიძლიერე დაამტკიცოს.
ერთ-ერთი რადიოს პირდაპირ ეთერში საუბრისას ხაბიბმა აღნიშნა, რომ მას მემკვიდრეობის შექმნა უნდა და ლეგენდარულ მებრძოლებთან დაპირისპირებისთვის მზადაა.
„სენ-პიერი, ფერგიუსონი და მეივეზერი! რატომაც არა?! ამ სამეულიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ ბრძოლას სიამოვნებით გავმართავდი".
„ჟორჟ სენ-პიერი ძლიერი მეტოქეა და მასთან ჩხუბი დიდი გამოწვევა იქნება. ჟორჟის სამომავლო გეგმების შესახებ არაფერი ვიცი. მას უდიდეს პატივს ვცემ, ჩემი აზრით სენ-პიერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და ღირსეული ჩემპიონია. მასთან ჩხუბი სწორედ ამიტომ მინდა. ვნახოთ რა მოხდება“!
ინტერვიუს დასკვნით ნაწილში ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა: „ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, მაკგრეგორი მატჩრევანშს არ იმსახურებს. კონორი უშანსოდ დამარცხდა და რაც მთავარია დანებდა! ჩვენი ორთაბრძოლა თანაბარი ნამდვილად არ ყოფილა! მე ყველა ასპექტში ვდომინირებდი და კონორი მიწასთან გავასწორე! ამის შემდეგ მატჩრევანში რა საჭიროა“?