CNN ქართულ რაგბზე და შერკინების ახალ მწვრთნელზე
Aa
Aa

CNN ქართულ რაგბზე და შერკინების ახალ მწვრთნელზე

მსოფლიოში ცნობილმა მედია ჰოლდინგმა CNN-მა, ქართულ რაგბს და 2019 წლის მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნების“ მოლოდინებს ვრცელი სტატია მიუძღვნა.

ამერიკული გაოცემა საქართველოს ნაკრების შერკინების ახალი მწვრთნელის, გრეემ როუნთრის დახასიათებით იწყებს და ხაზს მის შთამბეჭდავ კარიერას უსვავს. 47 წლის სპეციალისტმა ინგლისის ნაკრების მაისური 54 შეხვედრაში, ხოლო „ლესთერ თაიგერსის“ 398 მატჩში მოირგო. ის მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში მსოფლიო თასის ოთხგზის მონაწილეა და „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ ტურნეში ხუთჯერ იმყოფებოდა.

„როდესაც მის კარიერას აფასებ ფიქრობ, რომ 47 წლის სპეციალისტს ძნელად თუ რამე გააკვირვებს, მაგრამ საქართველოში შერკინების მწვრთნელად გადასვლის შემდეგ, საპირისპირო მტკიცდება“.

საქართველოს ძალიან დიდი რეპუტაცია აქვს და არაერთი დიდი, მამაცი მორკინალი აღუზრდია. მათი ძალისა და მომზადების შემხედვარე როუნთრიც კი აღფრთოვანებული დარჩა.

„აქამდე არასდროს მინახავს სპორტსმენს ასეთი წონა აეწიოს. მათ წარმოუდგენელი გენეტიკა აქვთ. ისინი ძალიან ძლიერები არიან“ - ამბობს როუნთრი.

როგორც მოთამაშე, როუნთრი ქართველების წინააღმდეგ არასდროს გამოსულა. („მადლობა ღმერთს, ეს არ მომიწია“ - სიცილით ამბობს ინგლისელი), თუმცა მათი სიძლიერის შესახებ ყოველთვის იცოდა. სწორედ ამ რეპუტაციამ გადააწყვეტინა 2019 წლის მსოფლიო თასის წინ საქართველოს ნაკრებში მუშაობას დასთანხმებოდა.

„როცა ოქტომბერში ქუბრიაშვილს პირველად შევხვდი თავი უხერხულად ვიგრძენი. მე დავითის დიდი ქომაგი ვიყავი და მისი ხილვისას თავი პატარა ბავშვი მეგონა. მასთან მუშაობა განსაკუთრებული იყო. შერკინება და მოლი არის ის, რაც ქართველთა შესრულებით მუდამ მომწონდა“ - თქვა როუნთრიმ.

ბორჯღალოსნებთან მუშაობის პირველ თვეებში გრეემი მიხვდა, რომ გუნდის ინგლისურენოვანი მეტსახელი, The Lelos, ტრადიციული ქართული თამაშიდან, „ლელო ბურთიდან“ მომდინარეობს, რომელიც რაგბს ძალიან ჰგავს. როუნთრიმ ასევე სამოასთან და ტონგასთან მოპოვებული გამარჯვება და იტალიასთან მარცხი იხილა.

როდესაც თბილისში არაა, საფრანგეთში მოგზაურობს, კლუბებში, რომლებშიც ქართველი მორაგბეები თამაშობენ. 

„საქართველო ძალიან მომწონს, ის ჩემთვის ზედგამოჭრილია. ჯერ მხოლოდ თბილისში ვიყავი, რომელიც შესანიშნავი ქალაქია, კარგადაა შეხამებული ახალი და ძველი, თანამედროვე და ძველი არქიტექტურა. ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, ბერი მაგარი რესტორანი და საოცარი ღვინოა - დამიჯერეთ, ყველას გასინჯვა ვცადე. ის არ ჰგავს ყოფილი საბჭოთა კავშირის, რომელიმე ქალაქს, თბილისი ძალიან ლამაზია. ადამიანები კი თბილი, ამაყი და შრომისმოყვარენი არიან“ - ასე ახასიათებს როუნთრი დედაქალაქს.

სწრაფი პროგრესი

საქართველოში რაგბი ჯერ კიდევ ახალი სპორტია, თუმცა მათი ბოლოდროინდელი წინსვლა შთამბეჭდავია. „ლელოსმა“ სწრაფად ჩამოიტოვა თავისი ტრადიციული კონკურენტები და რაგბი ევროპა ბოლო 7 გათამაშებიდან 6-ჯერ მოიგო.

მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს 2012 წლიდან ავარჯიშებს. ის დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა საქართველოს ექვს ერში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ, თუმცა ამ ტურნირის კარი ჯერაც მყარადაა დახურული. მიუხედავად ამისა, ახალი ზელანდიელი დარწმუნებულია, რომ ტურნირი შესაძლოა 2021 წლის შემდეგ გაფართოვდეს, ან ასვლა-ჩასვლის სისტემა ან რაიმე სხვა დაინერგოს.

„კარგია, როცა უმაღლესი დონის გუნდთან თამაშის საშუალება გეძლევა, მაგრამ წელიწადში ერთხელ ასეთი შეხვედრის ჩატარება პროგრესში დაგვეხმარება?! რთულია ერთი შეხვედრა გაანალიზო. ამასთან ერთად მეორე კვირას იმავე გუნდის წინააღმდეგ მატჩს ვერ ატარებ და ვერ ხვდები გააუმჯობესე თუ არა ხარისხი. ჩვენ ოპონენტებს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მორიგი ნაბიჯის გადასადგმელად, პირველი დონის გუნდებთან მეტი თამაში გვჭირდება“ - ეუბნება ჰეიგი CNN-ის ჟურნალისტს.

მსოფლიო თასის წინა ქაოსი

საქართველოში არის ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, “Forbes”-ის მიხედვით ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელსაც რაგბის აღმავლობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

რაგბისადმი სიყვარულით მან სპორტის ამ სახეობაში განახორციელა ინვესტიციები, რომლის შედეგად ქვეყანამ მიიღო ელიტური დონის ინფრასტრუქტურა. გუნდი ახალ დონეზე გავიდა და ჰეიგის თქმით, 2015 წლის მსოფლიო თასმა და იქ ტონგასა და ნამიბიას დამარცხებამ, ქართული რაგბი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.

„როცა ქუჩაში დავდივარ, ერთი ან ორი ადამიანი ყოველთვის მაჩერებს და ფოტოს გადაღებას მთხოვს. 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, როდესაც მე ან მოთამაშეები ქუჩაში გავდიოდით, ქაოსში ვხვდებოდით. ჩვენი როლი ისიცაა, რომ ადამიანებს რაგბი გავაცნოთ და თამაშის არსი სწორად წარვუდგინოთ“ - ამბობს ჰეიგი.

მსოფლიო თასის მოლოდინები

2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველო იაპონიაში ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ითამაშებს. ჯგუფში, რომლის მსგავსში 2015 წლის მსოფლიო თასზე იმ ინგლისის ნაკრებმა იასპარეზა, რომლის ღირსებას როუნთრი იცავდა.

„მსოფლიო თასი უდიდეს წნეხთანაა დაკავშირებული. წინა მსოფლიოზე მე ინგლისის ნაკრებთან ერთად ვიყავი. პირველი დონის გუნდები უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან, როცა საქართველოს დარ გუნდებს ეთამაშებიან. 2015 წლის მსოფლიო თასმა ბევრი მასწავლა. მე ქართველ მორაგბეებს ჩემი ცოდნის ყველა მარცვალს გადავცემ. მე მინდა ამ მსოფლიო თასის შემდეგ ყველა ჩვენზე საუბრობდეს“.

საქართველოს მსოფლიო თასზე ყოველთვის სოლიდური ფორვარდები მიჰყავდა, თუმცა ჰეიგი აღიარებს, რომ დროთა განმავლობაში გუნდის სათამაშო სტილი ერთფეროვანი და ამოცნობადი ხდება. ის თავდაუზოგავად მუშაობდა, რათა ეს შეეცვალა: „ჩვენი თამაში მორკინალებზე იყო დაფუძნებული, მაგრამ იაპონიაში ასე არ იქნება. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მორაგბე გამოჩნდა და გუნდსაც მოსწონს ხელდახელ თამაში“.

ჰეიგს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ეწურება.ესაა ქვეყანა, რომელსაც ის და მისი ოჯახი უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში სახლს ეძახის. მისი ორი ქალიშვილი ქართულად თავისუფლად საუბრობს. პროფესიონალური თვალსაზრისით, მილტონისთვის შემდგომი ნაბიჯი მნიშვნელოვანი იქნება: „რა იქნება საუკეთესო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, სწორედ ესაა მამოძრავებელი. ჩემი მეუღლე და ქალიშვილები მუდამ ჩემს გვერდით არიან. საქართველოში მოსწონთ ჩემი ასეთი დამოკიდებულება. ჩვენ ამ ქვეყანაში უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ და მას არასდროს დავივიწყებთ“.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

ცხელი ამბები