კონორ მაკგრეგორი კრივს უბრუნდება?!
უცხოურ პრესაში კონორ მაკგრეგორის მომდევნო ოპონენტთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ირკვევა ირლანდიელი მებრძოლის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს პოლი მალინაჟისთან აწარმოებენ.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერთან გამართულ შერკინებამდე ეს უკანასკნელი მაკგრეგორის სპარინგ-პარტნიორი გახლდათ, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა ძალიან მალე დაიძაბა.
პრობლემები კონორის გუნდის განცხადების შემდეგ წარმოიშვა. მაკგრეგორის ბანაკის წევრებმა აღნიშნეს, რომ ერთ-ერთი ვარჯიშისას ირლანდიელმა პოლი ნოკდაუნში ჩააგდო. მომენტის ამსახველი კადრები UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა, ინტერნეტსივრცეშიც გაავრცელა, თუმცა მალინაჟიმ ყველაფერი უარყო. პოლის თქმით კონორმა მას ხელი ჰკრა და სწორედ ამიტომ წაიქცა.
მოგვიანებით მალინაჟიმ ირლანდიელს შეურაცხყოფა საჯაროდ რამდენჯერმე მიაყენა და ერთ-ერთ ინტერვიუში ნაგვის გროვა უწოდა.

როგორც ცნობილი გახდა სპორტსმენები დაპირისპირების მოგვარებას უშუალოდ რინგზე შეეცდებიან. ბრიტანული გამოცემების ცნობით ორთაბრძოლა კრივის წესებით გაიმართება და მაკგრეგორს საკუთარი სიძლიერის დადასტურების შანსი მიეცემა.
რამდენად რეალურია კონორის მოკრივის ხელთათმანებით ხილვა არავინ იცის. ყველაფერი ალბათ ნევადას სპორტული კომისიის ვერდიქტზე იქნება დამოკიდებული. დისკვალიფიკაციის მიღების შემთხვევაში არაა გამორიცხული მაკგრეგორმა თავის გამოჩენა კრივში სცადოს.