139 წამი, 9 მილიონი დოლარი და უპრობლემოდ დამარცხებული მეტოქე
ფლოიდ მეივეზერმა საახალწლოდ საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა. ამერიკელმა მოკრივემ იაპონიაში გამართულ ორთაბრძოლაში ყოველგვარი პრობლემების გარეშე იმარჯვა და ტენშინ ნასუკავა მიწასთან გაასწორა.
ეს უკანასკნელი დაპირისპირების დაწყებამდე ბევრს იმუქრებოდა, თუმცა შერკინება კრივის წესებით ჩატარდა და ფლოდი თავს, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობდა.

ორთაბრძოლა მეივეზერის სრული დომინაციით წარიმართა და "მანიმ" ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა. ფლოიდს წარმატების მისაღწევად სულ რაღაც 139 წამი დასჭირდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ რინგზე გატარებული 2 წუთზე ოდნავ მეტის სანაცვლოდ მეივეზერმა 9 მილიონიანი ჰონორარი მიიღო, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ზედმეტსახელად "მანი" ტყუილად არ შეურქმევიათ.

დაპირისპირების შემდეგ ფლოიდმა ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და განაცხადა: "კარგად გავერთეთ. პირველ რიგში მინდა მადლობა ღმერთს, ორგანიზატორებს და ჩემი გუნდის წევრებს გადავუხადო. მსურს ასევე მადლიერება ტოკიოს მიმართაც გამოვხატო! თქვენ შესანიშნავი მასპინძლობა გამიწიეთ".
"ტენშინ გულს ნუ გაიტეხ! მინდა ქომაგებმა მისი მხარდაჭერა განაგრძონ! იგი შესანიშნავი პიროვნება, ბრწყინვალე მებრძოლი და ღირსეული ჩემპიონია".
