ურთულესი ორთაბრძოლა და დედისთვის მიძღვნილი ჩემპიონობა
ბრიტანელმა მებრძოლმა, ჩარლი ედვარდსმა, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. 25 წლის მოკრივემ კრისტოფერ როსალესი დაამარცხა და WBC-ის ვერსიით 49-დან 51-მდე წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
ორთაბრძოლა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ნიკარაგუას წარმომადგენელი ტექნიკურ ნოკაუტთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა გადამწყვეტი დარტყმების მიყენება ვერ მოახერხა. საბოლოოდ ედვარდსმა გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა. მთავარმა არბიტრებმა ჩარლის სასარგებლოდ ასეთი ანგარიში დააფიქსირეს - 118-110, 117-111, 116-112.

ედვარდსისთვის წარმატება ორმაგად სასიამოვნო აღმოჩნდა. ჩარლიმ საჩემპიონო ქამრისთვის ერთხელ უკვე იბრძოლა, მაგრამ 2016 წელს IBF-ის ჩემპიონის ტიტულის დასაკუთრება ვერ მოახერხა. მისდა საბედნიეროდ ახლა ყველაფერი აბსოლუტურად განსხვავებული სცენარით წარიმართა.

შედეგების გამოცხადების შემდეგ ემოციებში მყოფი ბრიტანელი რინგზე ჩაიმუხლა და წარმატება დედას მიუძღვნა. ეს უკანასკნელი სიმსივნეს ებრძვის...

გასახდელში შესვლის შემდეგ ჩარლიმ საჩემპიონო ქამარი დედამისს გადასცა, ბრძოლის შემდეგ კი ასეთი რამ განაცხადა: „დედა ეს გამარჯვება შენ გეძღვნება! მიუხედავად უმძიმესი პერიოდისა მუდამ მამხნევებდი და მეუბნებოდი, რომ ოცნებებზე უარი არ უნდა მეთქვა! ამისთვის დიდი მადლობა! შენ რომ არა წარმატებას ვერასდროს მივაღწევდი“.
ედვარდსმა სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „მზად ვარ ნებისმიერ ოპონენტს დავუპირისპირდე. უკან დახევას და მოწინააღმდეგეების ამორჩევას არ ვაპირებ. ჩემს დივიზიონში არსებული ყველა ქამრის დასაკუთრება მსურს და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებ“.
