ტომი ფიურის წარმატებული დებიუტი
Aa
Aa

ტომი ფიურის წარმატებული დებიუტი

ტაისონ ფიურის ძმამ, ტომიმ, პროფესიონალურ კრივში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ბრძოლა მანჩესტერში შედგა, 19 წლის ბრიტანელის მეტოქე კი იევგენის ანდრეიევსი გახლდათ. ეს უკანასკნელი მაღალი დონის სპორტსმენი ნამდვილად არაა, პირიქით... ლატვიელს ტომისთან შერკინებამდე 102 შეხვედრა ჰქონდა წაგებული.

გამონაკლისი არც ფიურისთან ჩატარებული ორთაბრძოლა ყოფილა. ანდრეიევსი მხოლოდ და მხოლოდ თავს იცავდა და შეტევაზე ფაქტობრივად არცერთელ გადასულა.

ბრიტანელმა შესანიშნავად იასპარეზა, თუმცა 37 წლის ოპონენტის ნოკაუტში ჩაგდება ვერ მოახერხა. ტომიმ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. ოთხრაუნდიანი შერკინების ანგარიში კი ასეთი გახლდათ 40-36.

დაპირისპირების შედეგს სოციალურ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კრიტიკოსებმა ფიური მიწასთან გაასწორეს. მათ აღნიშნეს, რომ გამარჯვება მარცხის ტოლფასი გახლდათ და ტომის სადებიუტო შეხვედრა წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. სხვა აზრზეა 19 წლის ბრიტანელის ლეგენდარული მწვრთნელი, რიკი ჰატონი, რომელიც თავისი შეგირდის გამოსვლით კმაყოფილია.

შერკინების შემდეგ ტომიმ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „დღეს სტარტი ჩემმა ახალმა თავგადასავალმა აიღო. ნელ-ნელა მოვუმატებ და იმედი მაქვს ერთ დღეს მსოფლიო ჩემპიონი გავხდები. ვიცი სულელურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს. არსად მეჩქარება და ვფიქრობ ოცნების ასრულებას აუცილებლად მოვახერხებ“.

ცხელი ამბები