ჯარელ მილერი: „ენტონი ჯოშუას დამარცხება შემიძლია“
კანელო ალვარესისა და როკი ფილდინგის შერკინებას ბევრი ცნობილი სახე დაესწრო. მათ შორის მძიმეწონითი კატეგორიის მოკრივე, ჯარელ მილერიც, გახლდათ. ამ უკანასკნელმა ორთაბრძოლის შემდეგ ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის მილერს კარიერის მანძილზე 24 ბრძოლა აქვს ჩატარებული. ჯარელმა გამარჯვების მოპოვება 23-ჯერ მოახერხა, ერთი დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.
Sky Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში მილერმა ენტონი ჯოშუა გამოიწვია და განაცხადა: „ეიჯეი ღირსეული ჩემპიონია. იგი, როგორც რინგზე, ასევე მის გარეთ შესაფერისად იქცევა, თუმცა აუცილებლად დადგება დღე, როცა სახეში მტკივნეულ დარტყმებს მივაყენებ. საკუთარი თავის მჯერა და ყველა მოქმედი ჩემპიონის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაქვს“.
„ვგრძნობ, რომ ენტონი ჯოშუას დამარცხება შემიძლია და ვიცი წარმატების მიღწევას დეონტეი უაილდერთანაც მოვახერხებ. თუ ჯოშუას ამერიკაში ჩამოსვლა სურს, რინგზე ჩემს წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს. მე ის ადამიანი ვარ, ვინც ენტონის ნოკაუტში ჩააგდებს“.