წლის საბოლოო რეიტინგი: თუშიშვილი მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტია!
2018 წელი ძიუდოს სამყაროსთვის ჩინეთში, კერძოდ კი გუანჯოუს მასტერსით დასრულდა, სადაც ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) წლის ბოლო და შემაჯამებელი რეიტინგი გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ვაჟთა კატეგორიაში 7 წონიდან 2-ს ქართველები ლიდერობენ. 100 კგ კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო +100 კატეგორიაში გურამ თუშიშვილი.
თუშიშვილმა საერთო ჩათვლაც მოიგო და ყველა წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა -7 202 ქულა. ხუთეულში იმყოფება ვარლამ ლიპარტელიანიც, რომელსაც 6 558 ქულა აქვს.
თუშიშვილისთვის 2018 წელი მართლაც, რომ დიდებული გამოდგა - ბაქოში მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი, თბილისისა და ზაგრების გრან პრი, ბოლოს კი გუანჯოუს მასტერსი.
ათეულში მოხვდა კიდევ ერთი ქართველი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) – 5 451 ქულა.
ტოპ 10-ში ყველაზე მეტი წარმომადგენელი იაპონიას ჰყავს - 4. შემდეგ საქართველო მოდის - 3. უნდა აღვნიშნოთ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილიც, რომელიც ასევე ათეულშია და მე-7 პოზიციას იკავებს.
TOP 10 ასე გამოიყურება:
- გურამ თუშიშვილი (+100), საქართველო - 7 202 ქულა
- რიუჯუ ნაგაიამა (60), იაპონია - 6 970
- ჰიფუმი აბე (66), იაპონია - 6 800
- საეიდ მოლაეი (81), ირანი - 6 693
- ვარლამ ლიპარტელიანი (100), საქართველო - 6 558
- სოიჩი ჰაშიმოტო (73), იაპონია - 6 440
- ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90), ესპანეთი - 5 819
- მიხაელ კორელი (100), ჰოლანდია - 5 706
- ნაოიშა ტაკატო (60), იაპონია - 5 700
- ლაშა შავდათუაშვილი (73), საქართველო - 5 451