Aa
Aa

"ვინ არის თქვენი ფავორიტი მებრძოლი 2019 წელს?" ახალი სეზონი, ახალი მიზნები

2018 წელი ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძისთვის განსაკუთრებული გამოდგა. ტოჩინოშინმა კარიერაში პირველად იმპერატორის თასის მოგება შეძლო და ამ მაჩვენებლით ის მე-3 ევროპელი გახდა, რომელმაც უმაღლესი ჯილდოს მოპოვება მოახერხა.

ლევანმა იანვრის "ჰაცუ ბაშოზე" პირველობა არავის დაუთმო. ამ დღის შემდეგ ქართველი სეკიტორი უზომოდ პოპულარული გახდა და არამახოლოდ ჩვენთან, არამედ მთელს იაპონიაშიც.

შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად იცის. ტოჩინოშინმა ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა და ბაშოს მოგებასთან ორჯერ ძალიან ახლოს იმყოფებოდა, თუმცა დასანანი ტრავმების გამო მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა, თუმცა მისი გამოსვლა მაინც შთამბეჭდავი იყო და ქართველმა ოძეკის წოდება მიიღო.

იაპონიის სუმოს ასოციაციამ 2018 წლის სეზონი შეაჯამა და ნომინაციებში გამარჯვებულების დააჯილდოვა, ერთ-ერთი ასეთი კი ლევან გორგაძე გახდა.

ქართველმა სუმოისტმა წლევანდელ სეზონში გამართულ 6 ბაშოზე ჯამურად 59 ორთაბრძოლა მოიგო, რაც წლის საუკეთესო მაჩვენებელია, ამდენჯერ არცერთ სხვა სეკიტორს არ უმარჯვია.

იაპონიაში უკვე დაიწყო ხმის მიცემა. მიმდინარეობს ქომაგების გამოკითხვა - ვინ იქნება მათი ფავორიტი მებრძოლი 2019 წელს?

ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ლინკზე გადასვლით. შედეგები 28 დეკემბერს გამოქვეყნდება.

აქვე გეტყვით, რომ იაპონიის სუმოს ასოციაციამ გადაწყვიტა 2019 წლის პირველი იანვრიდან პროფესიულ სუმოში ხელფასები გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა.

როგორც ვიცით, სუმოში სპორტსმენები ხელფასებს თავიანთი რანგის მიხედვით იღებენ. ანაზღაურება მხოლოდ ელიტარულ სუმოისტებს სეკიტორებს გაეზრდებათ.

ამრიგად, 2019 წლიდან დიდი ჩემპიონი იოკოძუნა თვეში 3 მილიონ იენს მიიღებს, ოძეკი 2.5 მილიონს, სეკივაკე და კომოსუბი 1.8, მაეგაშირები კი 1.4. ჯურიოს (მეორე ლიგის) დივიზიონის წარმომადგენლები კი 1.2 მილიონ იენს.

ლარებში, რომ ვიანგარიშოთ ტოჩინოშინის ყოველთვიური ანაზღაურება 2.5 მილიონი იენი ანუ დაახლოებით 58.5 ათასი ლარი იქნება.

სუმოს ახალი სეზონი იანვრიდან დაიწყება და პირველი ბაშო სწორედ "ჰაცუ ბაშოა", რომელიც 13-დან 27 იანვრის ჩათვლით გაიმართება და ტოჩინოშინს ტიტულის დასაცავად ბრძოლა მოუწევს.

ცხელი ამბები