Aa
Aa

სათამაშო დათუნიების წვიმა ჰოკეის მატჩზე

ყინულის ჰოკეის სამყაროში საკმაოდ უცნაური და ამავდროულად საინტერესო ტრადიციაა დამკვიდრებული. საშობაო პერიოდში, სტადიონზე მისულ ქომაგებს თან სათამაშო დათუნიები მიაქვთ და როდესაც მასპინძელი გუნდი პირველ გოლს გაიტანს მოედანზე ყრიან.

პირველად ასეთი რამ 1993 წელს, კანადაში, მოხდა. ინიციატივა სხვა გუნდებმაც აიტაცეს და სულ მალე სათამაშო დათუნიების სროლამ მასშტაბური ხასიათი მიიღო. ყოველწლიურად მსგავსი რამ თითქმის ყველა ჩემპიონატში გვხვდება. (NHL გამონაკლისია)

გადმოყრილი სათამაშო დათუნიების რეკორდული მაჩვენებელი (28815) 2015 წელს დაფიქსირდა, თუმცა „ჰერში ბეარსის“ გულშემატკივრებმა შედეგის გაუმჯობესება მოახერხეს. „ბინგჰემტონ დევილსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის საწყისი პერიოდის 9:58 წუთზე „ჰერშიმ“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და პირველი გოლი შეაგდო, რასაც სათამაშო დათუნიების წვიმა მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით ყინულზე 34798 სათამაშო გადმოაგდეს. აღსანიშნავია, რომ სტადიონზე 10046 ადამიანი გახლდათ მისული.

ყინულის ჰოკეის სამყაროში დამკვიდრებული ეს ტრადიცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. სათამაშო დათუნიებს სკოლებს, ეკლესიებს, სხვადასხვა კლუბებს და სიმსივნეს წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციებს ურიგებენ. ხშირ შემთხვევაში ბავშვებთან ყველაფერი თავად მოთამაშეებს მიაქვთ.

ცხელი ამბები