ტაისონ ფიური ჩვეულ სტიქიაშია
2 დეკემბერი ნელ-ნელა ახლოვდება. ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის დაპირისპირების გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი და იმედია ორთაბრძოლა გაცემულ ავანსებს გაამართლებს.
რინგზე გამოსვლას ორივე მოკრივე მოუთმენლად ელის. მარცხი ჯერჯერობით არცერთ მათგანს განუცდია, რაც შერკინებას დამატებით ინტრიგას სძენს.
დაპირისპირების დაწყებამდე მებრძოლები ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. ამჯერად სამომავლო შეხვედრის შესახებ ტაისონ ფიურიმ ისაუბრა და საკმაოდ ამბიციური პროგნოზიც გააკეთა. ბრიტანელი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ იგი დეონტეი უაილდერს ნოკაუტში ჩააგდებს...
"დეონტეიმ ორთაბრძოლაზე თანხმობის გაცხადებით უდიდესი შეცდომა დაუშვა. ფრენკ უორენს დავავალე მისთვის გადაეცა, რომ მხოლოდ ფული მაინტერესებდა. უაილდერს ჩემი რეალური მიზნების შესახებ წარმოდგენა არ აქვს“.
"ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოვიგო! გამარჯვების მისაღწევად ჩემს ცხოვრებას, ნებისმიერ თანხას და აბსოლუტურად ყველაფერს გავიღებ. უაილდერთან მიღწეული წარმატების სანაცვლოდ უარს ბრილიანტებით სავსე ოთახზეც ვიტყოდი“.
"დეონტეის გუნდს ჩემზე არასწორი წარმოდგენა აქვს. მათ ჰგონიათ, რომ ორთაბრძოლის ჩატარება მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო გადავწყვიტე. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ უაილდერის წინააღმდეგ მსუქანი იდიოტი ინგლისელი წარსდგება, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ წინ რა ელით“.
"დეონტეიმ არ იცის მე რა გამოვიარე. როდესაც იგი საკუთარ სახლში დროს ნორმალური ადამიანივით ატარებდა, მე ვშიმშილობდი და არაამქვეყნიურად რთული სავარჯიშო რეჟიმი მქონდა“.
"დეონტეი ამბობს რომ რინგზე გამოსვლისას მისი ალტერ ეგო იღვიძებს, რომელიც დემონებს უხმობს და გამარჯვების მიღწევაში ეხმარება. ჩემი აზრით ეს სრული სისულელეა! ყველა დემონი, რომელიც უაილდერთან ერთად გამოვა, მის მხარდამხარ დაისჯება. თუ იგი ჩემს წინააღმდეგ დემონებთან ერთად წარსდგება მე ღმერთს მოვუხმობ“.